წიგნის ხელოვნების ცენტრისა და “ექსპო ჯორჯიას” ერთობლივი პროექტი – თბილისის წიგნის დღეები დაიწყო. ღონისძიება გუშინ გაიხსნა და 1 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენების ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” მისულ წიგნების მოყვარულებს დახლებზე გამოფენილი სხვადასხვა წიგნების შერჩევა შეუძლიათ. გამომცემლები მკითხველებს ქართველი და უცხოელი მწერლების წიგნებს, ასევე ახალ თარგმანებს, ბესტსელერებსა და საბავშვო ლიტერატურას სთავაზობენ.
წიგნის დღეების ორგანიზატორთა სურვილით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფორმატი გაფართოვებულია და წიგნების ტრადიციული გამოფენა-გაყიდვის გარდა, მოსულ სტუმრებს სხვადასხვა კულტურულ, საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამაში შეუძლია მონაწილეობის მიღება. ესენია: საერთაშორისო ვორკშოპები, გამოფენები, საჯარო ლექციები, საბავშვო ღონისძიებები, წიგნების კითხვა და დისკუსიები.
ღონისძიების მიზანი, საქართველოში წიგნის სექტორის უფრო მეტად განვითარებაა. ორგანიზატორების თქმით, მათი სურვილია ღია პლატფორმა შეიქმნას, რომელიც საქართველოს წიგნის სფეროში მომუშავე ყველა იმ ორგანიზაციას გააერთიანებს, რომლებიც მათ საერთაშორისო ინტეგრაციას ხელს შეუწყობს.