სამი წლის განმავლობაში პირველად წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი გეგმა შესრულდება.
როგორც ”ფორტუნას” ”პი-ემ-სი კვლევით ცენტრში” განუცხადეს, შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდება, ხოლო ხარჯების გეგმა – 99.5%-ით, რაც გულისხმობს, რომ წლევანდელი ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩება მხოლოდ 50 მლნ. ლარი.
კვლევამ აგრეთვე გამოავლინა, რომ 2015 წელს საბიუჯეტო სახსრები გასულ წელთან შედარებით უფრო დაბალანსებულად დაიხარჯა.
“2015 წლის მეოთხე კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება წლიური ხარჯების 9.4%, მაშინ როცა 2014 წლის მეოთხე კვარტალში დაიხარჯა 10.1%. შესაბამისად, 2015 წლის მეოთხე კვარტალში შემცირდება ფისკალური პოლიტიკის უარყოფითი ზეგავლენა ვალუტის კურსსა და ინფლაციაზე” – განაცხადეს ”პი-ემ-სი კვლევითი ცენტრში”.