სიტყვა „აგენტი“ გააჩნია ვის, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ყურს სჭრის. მე ეს სიტყვა ყურს მჭრის. თუ მხოლოდ ამ ტერმინზეა საუბარი, ეს სხვა საკითხია. დანარჩენი, რაც მე წავიკითხე, ქართული კანონპროექტი, ყველაფერი ეხება იმას, რომ არასამთავრობო სექტორს, თუ მათი შემოსავლის 20% არის უცხოეთიდან მომდინარე, გიჩნდება ვალდებულება, რომ დეკლარირდე, მაგრამ საქმიანობა არ გეკრძალება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედის“ ეთერში „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„დღეს რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია, ევროპის გარდა” – თეა წულუკიანი
„ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა, გაგვცენ პასუხი – რატომ?! ეს არ ეხება ფიზიკურ პირებს. დღეს, არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჩვენს ქვეყანაში არცერთი კანონი არ ავალდებულებს, რომ თავისი შემოსავლების დეკლარირება გააკეთოს.
თუ სახელმწიფოს წინაშე, კანონით არ გაქვს რაიმე ვალდებულება, სახელმწიფო ვერ შემოგივარდება ვერც სახლში, ვერც ტელევიზიაში და ვერც ორგანიზაციაში. ეს შევარდნები იყო ადრე.
ჩვენ ვართ იმ რეალობაში, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ არის მოწადინებული, რომ ჩართული იყოს სახელმწიფოს მართვაში. თუ შენ გინდა სახელმწიფოს მართვაში ჩართული იყო, თუ მე, ხელისუფლებას უნდა მიბრძანო რა გავაკეთო, უნდა გქონდეს რაღაცა ტიპის ანგარიშვალდებულება იმ საზოგადოების წინაშე, რომლის სიკეთისთვისაც შენ გინდა მართო საჯარო პროცესები, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.