თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული ორი თანამშრომლის ინტერესს სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.
როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ეროვნულ მუზეუმსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში მასშტაბური საშტატო ცვლილება დაიწყო, რის შედეგადაც, 10 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებების მიზანი სამუზეუმო სფეროს კონტროლი და ცენზურაა:
“მიგვაჩნია, რომ პროცესმა არა მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორების სახე მიიღო, არამედ გამოაჩინა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებების მიზანი სამუზეუმო სფეროს კონტროლი და ცენზურაა. ორი დასაქმებულის ინტერესს სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
ორგანიზაციებმა უკვე მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და თანამდებობიდან გათავისუფლების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობებზე აღდგენა და ერთ-ერთის შემთხვევაში განსხვავებული მოსაზრებების გამო პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენა მოითხოვეს.
ათიდან რვა დასაქმებული თანამდებობიდან გაფრთხილების გარეშე გაუშვეს, ან გადაიყვანეს სხვადასხვა დაბალ პოზიციაზე, ორს კი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და აღარ გაუგრძელეს, რაც ჩვენი შეფასებით, დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებაა.
საია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოში იცავენ ეკატერინე კიკნაძისა და დინარა ვაჩნაძის ინტერესებს. ეკატერინე კიკნაძე ეროვნული გალერეის მმართველის პოზიციიდან გაათავისუფლეს და მისი თანხმობის გარეშე ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს.
ამის სავარაუდო მიზეზი გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებების გაჟღერება იყო, რის გამოც იგი მუზეუმში მიმდინარე მთელ რიგ მნიშვნელოვან პროცესებს ჩამოაშორეს.
დინარა ვაჩნაძეც, რომელიც თბილისის კოლექციების აღრიცხვა-დაცვისა და მართვის სექტორის მიმართულების ხელმძღვანელი იყო დაუსაბუთებლად დააქვეითეს და გადაიყვანეს რიგითი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საია მიიჩნევენ, რომ მოსარჩელეების მიმართ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება კანონმდებლობისა და დასაქმებულთა შრომითი უფლებების უხეში დარღვევით მოხდა.
აღსანიშნავია, რომ “მუზეუმის” დირექტორად დაინიშნა ნიკა ახალბედაშვილი – იურისტი, რომელიც მანამდე თეა წულუკიანის მინისტრობის დროს იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. საკადრო ცვლილებებს კი საფუძვლად დაედო ახალი საშტატო განრიგი, რომელიც სწორედ მუზეუმის ახლად დანიშნული დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე ამოქმედდა და მოსარჩელეთა მიერ დაკავებულ თანამდებობები ფორმალურად გაუქმდა.” – წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საია მიმდინარე საქმის წარმოებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად გააცნობენ.