LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკი საჩუქრად პირველ ცხოველებს მიიღებს

204

ივნისის წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოლოგიური პარკი ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული ცხოველების პირველ ნაკადს მიიღებს. რიგის ზოოპარკი თბილისში 7 ცხოველს გზავნის: 2 თუთიყუში არარაუნა, 3 ალპაკა, 1 აქლემი და 1 აზავერი. თუთიყუშები 19 მარტს თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან, ხოლო ჩლიქოსნების კონტეინერებით დატვირთული ბორანი ბათუმის პორტში 21 მარტს შემოვა.

როგორც “ფორტუნას” “თბილისის ზოოპარკიდან” აცნობეს, ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე მზადაა.

„თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ წევრობის კანდიდატია.   EAZA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე ჩვენი დელეგაციის თხოვნას კოლექციის შევსებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალი ზოოპარკი გამოეხმაურა. საზოგადოებას ახალი ცხოველების ჩამოყვანას გაზაფხულზე დავპირდით და სიტყვა შევასრულეთ. ახლო მომავალში ზოოპარკს კიდევ ბევრი საინტერესო ცხოველი შეემატება, ასე რომ, ველით დამთვალიერებლებს“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

შემდეგ ეტაპზე თბილისის ზოოპარკი ჰამადრილებს, მაკაკებს, მანგუსტებს, კოატებს, მაჩვზღარბებს, ვალაბებს, ტაპირებსა და სხვა ცხოველებს ელოდება ანტვერპენის, ამერსფორტის, დუისბურგის, უიპსნეიდის, იზმირის, იერუსალიმისა და სხვა ზოოპარკებისგან. სრულდება პრიმატების კონცეპტუალურად ახალი ტიპის ვოლიერების მშენებლობა. თითქმის დამთავრებულია ვალაბებისა და ტაპირების ახალი ვოლიერი.

თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებლები თუთიყუშების მონახულებას 19 მარტიდან, ხოლო ჩლიქოსნების ნახვას 22 მარტიდან შეძლებენ.

რიგის ზოოპარკი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა თბილისის ზოოპარკის კოლექციის ცხოველებით შევსების ინიციატივას. რიგის დუმამ მათი ტრანსპორტირებისთვის 15,000 ევრო გამოყო. კოლექციის შევსების გეგმა თბილისის ზოოპარკში „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) მენტორთან ერთად მომზადდა. პირველი ეტაპისთვის შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g