LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, მაგრამ ვაქცინის სარგებელი ასჯერ, ათასჯერ და მეტჯერ მეტია ვიდრე გვერდითი ეფექტი: გამყრელიძე

85
ამირან გამყრელიძე

“ჩვენ რომ ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოვაყალიბოთ, უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლობის მინიმუმ 60 პროცენტი” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ  განაცხადა.

გამყრელიძემ ვაქცინაციის პროცესსა და პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცოტა ხნის წინ, ონლაინფორმატში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხშირად საუბრობენ გვერდით მოქმედებებზე და აღნიშნა, რომ გვერდითი მოქმედებები აქვს ყველა წამალს და ნივთიერებას:

“წყალმაც კი, გარკვეული დოზით მიღებულმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი. რა თქმა უნდა, ვაქცინასაც აქვს გვერდითი ეფექტი, მაგრამ მისი სარგებელი არის ასჯერ, ათასჯერ და მეტჯერ მეტი, ვიდრე მისი გვერდითი მოქმედება.” – თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებლის ზრდა ადასტურებს, რომ ვირუსი არ გამქრალა:

“29 600 ტესტის ჩატარების ფონზე, გვაქვს 537 ახალი შემთხვევა, რაც მანიშნებელია იმის, რომ ინფექცია არსად გამქრალა და არის რისკი, იმის, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდეს.

მით უმეტეს, ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოხდა ეტაპობრივად შემსუბუქდა გარკვეული შეზღუდვების, რომლებმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ეს ყველაფერი”.

ამირან გამყრელიძემ პირბადის ტარების მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის 43 პროცენტამდეა ჩამოსული, რაც ძალიან ცუდი სიგნალია:

“პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვქონდა 72 პროცენტი და რომელიც გვინდოდა ,ყოფილიყო 90-95 პროცენტი, ჩამოვიდა 43 პროცენტამდე, რაც არის ძალიან ცუდი სიგნალი იმის, რომ შესაძლოა ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესდეს.  ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა, რომელიც დაუდევრობით ზაფხულში დავუშვით.” – აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა 15 მარტს დაიწყო. 

პირველ ეტაპზე, “ასტრაზენეკას” ვაქცინით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან. 

დღევანდელი მონაცემებით, “ასტრაზენეკას” ვაქცინით უკვე აცრილია 1 375 ადამიანი. ვაქცინაციის სპეციალურ პორტალზე კი, საერთო ჯამში, 4 532 სამედიცინო პერსონალია დარეგისტრირებული.

პოპულარულები