LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში კიდევ ერთი სანატორიუმი გაიყიდა

558

წყალტუბოში მდებარე სანატორიუმ “ცისკარის” შენობა გაიყიდა. როგორც “ფორტუნას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ქალაქ წყალტუბოში მდებარე კიდევ ერთი ყოფილი სანატორიუმი „ცისკარი“ ელექტრონულ აუქციონზე პირობებიანი ფორმით  160 000 ლარად გაყიდა.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად  შპს „არგო“ გამოვლინდა. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა  სულ მცირე 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რაც მოიცავს  უძრავ ქონებაზე 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა-რეკონსტრუქციას, აღჭურვას და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობას. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყობა.

სანატორიუმი „ცისკარი“ რიგით მესამე ობიექტია, რომელიც სახელმწიფომ წყალტუბოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაყიდა. შეგახსენებთ, რომ სანატორიუმი „მეშახტის“ ბაზაზე, არანაკლებ 100-ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება, ხოლო ყოფილი სანატორიუმი „ივერიის“ ტერიტორიაზე ინვესტორები  6 000 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებენ. შედეგად, კურორტი წყალტუბო 100-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს და არანაკლებ 310 სასტუმრო ნომერს მიიღებს.