წყალტუბოს გენგეგმის დღეს წარდგენილი ყველა პროექტი ძალიან საინტერესოა და ზოგადად, უაღრესად მნიშვნელოვანია ამგვარი აღმშენებლობის, განვითარების ახალი ბიძგი ამ რეგიონში, – ამის შესახებ წყალტუბოში, კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო ხედვის პრეზენტაციის შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, კომპანია „არტ სტუდიოს“ წარმომადგენელმა ნია გიუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კომპანია „არტ სტუდიოს“ ხედვაში აქცენტირებულია სამედიცინო ტურიზმის განვითარება, რაც მთლიანად ქვეყნისათვის იქნება სტრატეგიულად მნიშნელოვანი ინფრასტრუქტურა.
„წყალტუბოში სამედიცინო ტურიზმის განვითარება იქნება საკვანძო იმისთვის, რომ ქვეყნის პოზიციონირება მოხდეს მთლიანად გლობალურ ბაზარზე სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეს გულისხმობს ყველა ტიპის სამედიცინო სერვისებს, მათ შორის იმას, რაც რეაბილიტაციასთან არის დაკავშირებული. საუკეთესოა აქაური გარემო, ბუნებრივი რესურსები, წყლები ინფრასტრუქტურა რომელიც უკვე არსებობს და რომლის შემდგომი განვითარება და გაუმჯებესებაც იგეგმება“,- განაცხადა ნია გიუაშვილმა.
დღეს წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სექტემბერში გამოცხადებულ კონკურსში წინადადებები სამმა კომპანიამ – შპს „ბაუ დიზაინმა“, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეორგაფიკმა“ და შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ წარადგინა.