გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქალაქ ზუგდიდში, წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ პირველი ფორუმი გახსნა.
ნინო თანდილაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კანონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ფორუმის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
„ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გზაზე წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მიღება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი ქვეყანა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია. წყლის რესურსების მართვის მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმის გატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული კანონის ამოქმედება 2026 წლიდანაა გათვალისწინებული და პროცესებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას გულისხმობს“, – განაცხადა თანდილაშვილმა.
ფორუმი აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და არასამთავრობო ორგანიზაციის „გარემო და განვითარება“ ერთობლივი პროექტის „წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მოთხოვნების განხორციელების და ინფორმირებულობის ხელშეწყობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი წელს დაამტკიცა და ის წყლის რესურსების სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს.