ამერიკის შტატ ჯორჯიის მკვიდრმა ახალგაზრდა მამაკაცმა, ბრაიან კერსიამ საცოლისათვის ხელის სათხოვნელად შესანიშნავი ადგილი, პლაჟი შეარჩია. ოკეანის სანაპიროზე სეირნობისას მან თავისი რჩეულის წინ დაიჩოქა და ცოლობა შესთავაზა, დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კი ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ნიშნობის ბეჭედი კოლოფიანად ქვიშაზე დადო, წამოდგა და საყვარელ ქალს გადაეხვია.
რომანტიკულ ისტორიას კურიოზული გაგრძელება მოჰყვა. რამდენიმე წუთის შემდეგ წყვილმა გააცნობიერა, რომ ბეჭედი კოლოფიანად გაქრა. ბრაიანის საცოლე, ანა დევისი თავიდან არ იჯერებდა, რომ ბეჭედი დაიკარგა და საქმროს სთხოვდა ხუმრობა შეეწყვიტა, თუმცა მოგვიანებით მასთან ერთად შეუდგა კოლოფის ძებნას. რამდენიმესაათიანი უშედეგო ძიების შემდეგ დასევდიანებული წყვილი სახლში დაბრუნდა. მათ თავისი ისტორია „ფეისბუქის“ ერთ-ერთ ჯგუფში დაპოსტეს, რომელშიც ძირითადად მათივე ქალაქის მცხოვრებლები იყვნენ გაწევრიანებული.
ახალგაზრდა წყვილი არ ელოდა, რომ მათ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა და ეს ამბავი ბედნიერად დასრულდებოდა, თუმცა რამდენიმე საათში მათ უცნობი მამაკაცი დაუკავშირდა და ბრაიანს კოლოფში ჩადებული ბეჭდის ფოტოც გამოუგზავნა. მამაკაცმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა განაცხადა, რომ პლაჟზე სეირნობისას მოულოდნელად აღმოაჩინა გახსნილი კოლოფი, რომელშიც ძვირფასი ბეჭედი იდო, შემდეგ კი ქალაქის ჯგუფში მათი პოსტი წაიკითხა. „ფეისბუქის“ საშუალებით ახალგაზრდა წყვილმა ძვირფასი ბეჭდის პოვნა შეძლო.