LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

XIX საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი ალექსანდრე კორსანტიას, თათა ლიჩელისა და დათუნა ალადაშვილის კონცერტებით გრძელდება

608
მანანა-ხვედელიძე

21 მაისს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს მუსიკოლოგი, საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი მანანა ხვედელიძე მანანა ხვედელიძე სტუმრობდა, რომელმაც მისივე დაფუძნებულ და ორგანიზებულ XIX საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალზე ისაუბრა. სწორედ ამ დღეებში იმართება ფესტივალი, რომელზედაც სტუმარმა ისაუბრა.

მანანა ხვედელიძე:

სააღდგომო ფესტივალი, რომელიც საერთაშორისოს სტატუსს ატარებს და 19 წელია იმართება, დიდი ხანია ტრადიციად იქცა. საფუძველი ფესტივალს 2006 წელს ჩაეყარა და მეტად საინტერესო შინაარსი შეიძინა. მართალია, წელს შვიდი საღამოს მოწყობას ვაპირებდით, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, რუსთაველის თეატრში დაგეგმილი პირველი კონცერტის გაუქმებამ და მონაწილეების შეცვლამ მოგვიწია. ალბათ, იცით, რომ ფესტივალს სისტემატურად სტუმრობენ უცხოელი ვარსკვლავები, თუმცა წელს მათი მოწვევა შეუძლებელი აღმოჩნდა.

წელს ფესტივალი თელავში გავხსენით, არაჩვეულებრივი მაყურებელი გვყავდა, რომელმაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ისიამოვნა ნინო სურგულაძის, ოთარ ჯორჯიკიას და ბრწყინვალე კონცერტმაისტერის, პიანისტ ეკატერინე გოგოლიძის შემოქმედებით. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ „კარმენის“ სცენის შესრულების დროს მთელი დარბაზი ფეხზე იდგა.

რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში დავბრუნდით. ცნობილი კომპოზიტორების საიუბილეო თარიღების აღნიშვნა ჩვენი ფესტივალის პრიორიტეტია, ამიტომ წელს კახა ცაბაძის – ძალიან წარმატებული კომპოზიტორის საღამო მოვაწყვეთ. სხვათა შორის, წელსაა ბატონი გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილეც, რომელიც დარწმუნებული ვარ, სათანადოდ აღინიშნება. კახა მართლაც საოცარი კომპოზიტორია, არასდროს უფრთხის ექსპერიმენტებს და ყოველთვის ოსტატურად აერთიანებს ტრადიციულ მუსიკას და თანამედროვე ჟღერადობას. არაჩვეულებრივი მუსიკოსებმა მიიღეს კახას კონცერტში მონაწილეობა და მართლაც დაუვიწყარი საღამო შესთავაზეს პუბლიკას.

არანაკლებ საინტერესო საღამო გველის 23 მაისს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩვენი ფესტივალის საპატიო მრჩევლის, ბატონი ალექსანდრე კორსანტიას მონაწილეობით. ალექსანდრე არა მხოლოდ პიანისტია, არამედ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა ბოსტონის კონსერვატორიაში, ამიტომ ორმაგად დასაფასებელია მისი სტუმრობა, მით უფრო, რომ არაჩვეულებრივი პროგრამით – ჰაიდნის, შუბერტის ნაწარმოებებით და რაც მთავარია, სტრავინსკის საბალეტო მუსიკით წარდგება პუბლიკის წინაშე, რომელიც თავად გადააკეთა საფორტეპიანო ნაწარმოებად.

24 მაისს ბათუმში გავემგზავრებით, სადაც ალექსანდრე იმავე პროგრამას შესთავაზებს მუსიკის მოყვარულებს, პიანისტები თათა ლიჩელი და დათუნა ალადაშვილი – ქუთაისის დრამატულ თეატრში მოაწყობენ საღამოს, რომელსაც „ერთი როიალი და ოთხი ხელი“ ვუწოდე, 31 მაისს კი, ბოლო კონცერტი ბორჯომის თოჯინების თეატრში გაიმართება ბატონი გელა კანდელაკის ჩრდილების თეატრის მონაწილეობით, რომელიც პიესას „პატარა დათუნას თავგადასავალს“ წარუდგენს პუბლიკას.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიას, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ქუთაისის მერს, ბატონ იოსებ ხახალეიშვილს და ყველა სხვას, ვისი მხარდაჭერის გარეშე ჩვენი ფესტივალი ვერ ჩატარდებოდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“, რომელმაც პირველი კონცერტის ორგანიზებაში გაგვიწია დახმარება. მართალია, შემოსული თანხა ფონდს უნდა გადასცემოდა, მაგრამ სამწუხაროდ, კონცერტი ვერ შედგა, თუმცა იმედი მაქვს, ფონდი, რომელიც სნეულ ბავშვებს ეხმარება, არ დარჩება უყურადღებოდ და ბევრი შეძლებს მის დახმარებას.

ჩვენი ფესტივალი, რომელიც უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის იდეით შექმნა, საქველმოქმედო ღონისძიებაა, დასწრება კი, მხოლოდ მოსაწვევებით შეიძლება, რომელთაც მერია ანაწილებს ძალიან სწორად და მიზნობრივად. სწორედ პატრიარქმა გვირჩია ფესტივალის რეგიონებში გატანა, რათა აკადემიური ხელოვნებით, თბილისელებთან ერთად, სხვა ქალაქების მაყურებელმაც ისიამოვნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები