LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

piradobebi

გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება.

„2018 წლის 20 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

სერვისების განვითარების სააგენტო, განცხადებას ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭდვაზე უპასუხისმგებლოს უწოდებს.

სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე აცხადებს, რომ ჩამოთვლილი სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულზე გაკეთებულ განცხადებას, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს და ვერც ექნება.

მისივე თქმით, მან უკვე მიმართა აღნიშნულის გამოძიების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

„იმედი მაქვს ეკა გიგაური და ირმა პავლიაშვილი, ასევე მიშა ბენიძე, რომლებმაც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის თანამშრომელს სისხლის სამართლის დანაშაული დააბრალეს, ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და მათ ხელთ არსებულ „მტკიცებულბებს“ მიაწვდიან გამოძიებას, თუკი ასეთი საერთოდ აქვთ. აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბრიფინგზე მათ მიერ გამოთქმულ ბრალდებას არაფერი აქვს და ვერ ექნება საერთო სიმართლესთან. მას შემდეგ რაც გამოძიება ერთადერთ სიმართლეს დაადგენს, იმედი მაქვს, საიას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები ბოდიშს მოუხდიან როგორც უწყებას, ისე სერვისების განვითარების სააგენტოს მიყენებული ზიანისთვის.

მინდა განვაცხადო, რომ მე, სოსო გიორგაძე და ასევე ჩემი თანამშრომელი ბეჟან ობგაიძე, ეკა გიგაურის, ირმა პავლიაშვილისა და მიშა ბენიძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. ეს არის ბრალდება, რომელსაც ვერაფრით შევეგუები,“ – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g