საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე და დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰასან აჰმად ალ-მუტავას შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის კუთხით არსებული მზარდი დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ დოჰა – თბილისი – დოჰას საჰაერო ხაზი, რომელზეც ამჟამად ყატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways-ი ოპერირებს, მნიშვნელოვანი მიმართულებაა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ტურისტული ნაკადების ზრდის კუთხით. ამასთან, დოჰას საერთაშორისო აეროპორტი წარმატებულად ასრულებს ერთგვარი ჰაბის ფუნქციას სხვა საერთაშორისო მიმართულებებით მგზავრების გადაადგილების თვალსაზრისით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, დოჰა-თბილისის მიმართულებაზე არსებული მოთხოვნა და ორ სახელმწიფოს შორის გაფორმებული ლიბერალური საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება, კარგ საფუძველს ქმნის ქვეყნებს შორის ფრენების და მიმართულებების შემდგომი ზრდისთვის.
ყატარის სახელმწიფოს ელჩმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ყატარის საავიაციო ხელისუფლებასთან და საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედ ავიაკომპანია Qatar Airways-თან. ამასთან, მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ ხელი შეუწყოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესს. მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წელს დაგეგმილ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს არჩევნებში ყატარის სახელმწიფოს მიერ წარდგენილი კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხი.