„ყველა პროკურორი ჩემთვის არის იგივე ფხაკაძე, გუგუშვილი, შოთაძე, ვინც ჩემი შვილის საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა,“ – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
ზაზა სარალიძემ კომენტარი არ გააკეთა საკითხზე, თუ რატომ არ მოითხოვა პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. მისთვის უცნობია, რის გამო იძიებს საქმეს რუსთავის საოლქო პროკურატურა.
„ვერ გეტყვით ეს საქმე რატომ არის რუსთავში გადმოტანილი და რატომ იძიებს რუსთავის საოლქო პროკურატურა ამ საქმეს. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
რა ბრალიც მაქვს წაყენებული არ ვეთანმები, რადგან არასწორი ფორმულირებაა. საქმის დეტალებში არ შევალ, რადგან ამ საქმეზე დაკითხულიც არ ვარ,” – განაცხადა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს პოლიციელზე თავდასხმის გამო, ზაზა სარალიძე რუსთაველზე დააკავეს. მას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პოლიციელებსა და სარალიძეს შორის დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ სარალიძეს პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს.