“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი მთლიანად მძიმე მდგომარეობაშია და სამწუხაროდ, ეს მძიმე ვითარება მათ, ადეკვატურად გაცნობიერებული არ აქვთ. მისი თქმით, ხელისუფლებას შეუძლიათ დაამძიმონ საკუთარი ვითარება და ქვეყანა დააზიანონ. ამ ვითარებიდან კი, მათთვის კარგი გამოსავალი არ არსებობს.
“ჩვენ მოლოდინი კი არა, ამოცანა გვაქვს ამ კრიზისიდან რომ გამოვიდეთ, თან ისე, ქვეყანა ნაკლებად დაზიანდეს. ამას სჭირდება პრეზიდენტ მიშელის მიერ შემუშავებულ ყველა პუნქტზე შეთანხმება, – თქვა გიგა ბოკერიამ.
როგორც მან აღნიშნა, ყველა პუნქტზე შეთანხმება აუცილებელია, თუმცა იმისთვის, რომ თემა გაიხსნას, ორი საკითხი – ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა საჭირო.
“ჩვენ მოლოდინი კი არა, ამოცანა გვაქვს ამ კრიზისიდან რომ გამოვიდეთ, თან ისე ქვეყანა ნაკლებად დაზიანდეს. ამას სჭირდება პრეზიდენტ მიშელის მიერ შემუშავებულ ყველა პუნქტზე შეთანხმება. ამ პუნქტებს შორისაა პოლიტიკური საქმეები და პოლიტპატიმრების საკითხი, მელიას, რურუას და პოლიტიკური დევნის საკითხი,”- აღნიშნა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ამ პუნქტებს შორისაა ვადამდელი არჩევნების საკითხი, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლო რეფორმის დაწყების პუნქტებთან ერთად.
“ყველა პუნქტზე გვინდა შეთანხმება, მაგრამ იმისთვის, რომ გაიხსნას თემა ორი აუცილებელი პუნქტია – ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები, საერთოდ განხილვადი რომ იყოს კრიზისიდან გამოსვლა. საბოლოო ჯამში, შედეგი იქნება აუცილებლად, როგორ, რა, ფორმით ამას ვერ გეტყვით.
პრეზიდენტ მიშელის მიერ შეჯერებული დოკუმენტი ვერ შეიცვლება, ამ დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს მედიაცია. ყველა პუნქტზე უნდა მოხდეს შეთანხმება. ჩვენი პოზიცია არის მოქნილი და პრინციპული. მოქნილი ვართ იმაში რა გზით მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, მაგრამ ბუნებრივია, არჩევნების გარეშე, რისი აუცილებელი ნაწილიცაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვერ განიმუხტება კრიზისი“, – განაცხადა ბოკერიამ.
