2020 წელს ლუგარის ლაბორატორია – საქართველოს „მთავარი იარაღი“ გახდა. თუმცა, იყო დრო, როდესაც ლაბორატორიის შესახებ არაერთი მითი გავრცელდა.
მოსახლეობაში ლაბორატორიის მიმართ უნდობლობა და შიში გაჩნდა.
ამ უნდობლობას კი ხელს რუსეთი უწყობდა. რუსულ მედიაში არაერთხელ დაიბეჭდა მასალა, რომ ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება, სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენება და ხალხის მოწამვლა მიმდინარეობდა. არავინ იცის ეს გამიზნული ბრალდება იყო, რეალობა თუ რუსებს უბრალოდ შეშურდათ ამერიკელებმა საქართველოში ასეთი მაგარი ლაბორატორია რომ ააშენეს.
ფაქტია, რომ დღეს აღნიშნული ლაბორატორია საქართველოსთვის შეუცვლელ იარაღად იქცა. კორონავირუსით დაინფიცირებულთა გამოვლენა, სწორედ ამ ლაბორატორიაში ხდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორია ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მესამე დონეს აკმაყოფილებს, რაც ნიშნავს, რომ იქ შეიძლება მუშაობა ყველაზე უფრო საშიშ პათოგენებთან.
გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორია ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
მისივე განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში ინახება საქართველოში ბოლო 70 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ყველა საშიში პათოგენი, რომლებიც ტერორისტების ხელში პათოგენები შესაძლოა საშიშ იარაღად იქცეს, როგორც ეს, მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მოხდა, როდესაც ამერიკელ პოლიტიკოსებს ციმბირის წყლულის სპორების შემცველი წერილები დაეგზავნა.
„როდესაც კომუნისტური ბლოკი დაიშალა, ნუკლეარული, ქიმიური და ბიოლოგიური საწყისები სხვადასხვა ქვეყანაში იყო გაბნეული. ჩვენ საქართველოში 5-6 ადგილზე გვქონდა ასეთი ბიოლოგიური საწყისები. ეს ყველაფერი ერთ ადგილას უნდა ინახებოდეს და კარგად უნდა იყოს დაცული. იმ ტერიტორიაზე შესვლის უფლება, სადაც ლუგარის ლაბორატორიაში ეს ყველაფერი ინახება, მხოლოდ 5 ადამიანს აქვს და მე იქ ვერ შევდივარ.
გარდა ამისა, იქ გვაქვს ვირუსოლოგიური ლაბორატორია, სადაც გრიპის ნაირსახეობების დიაგნოსტირება მიმდინარეობს. ასევე გვაქვს პოლიომიელიტის ლაბორატორია. პოლიომიელიტის ბოლო შემთხვევა ჩვენთან 1989 წელს დაფიქსირდა, მაგრამ მასზე დაკვირვება მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. გარდა ამ ჩამოთვლილი მიმართულებებისა, ლუგარის ცენტრში გვაქვს წითელა-წითურას ლაბორატორია, ჰეპატიტის ცენტრი, გენომის ცენტრი, ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, ე.წ. ზოოენტომოლოგიური სამსახური. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ლუგარის ლაბორატორია ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ლაბორატორია რომ არსებობს მისი დამსახურებაა.
ამირან გამყრელიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მან კარგად იცის, ვინ იყო ინიციატიორი და როდის დაიწყო ლაბორატორიის აშენებაზე საუბარი.
„ზოგიერთი პოლიტიკოსი ახლა ამბობს, რომ რიჩარდ ლუგარი საქართველოში სწორედ მან ჩამოიყვანა, მან ჩაუყარა საფუძველი ამ ლაბორატორიას. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ ჩამოყალიბდა ეს ლაბორატორია და როდის იყო მიღებული გადაწყვეტილება. 1997 წელს ბილ კლინტონმა და ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს ხელი დიდ შეთანხმებას ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კუთხით. 2002 წელს დავით თევზაძემ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ მოაწერეს ხელი ამ პროექტის დაწყებას და ამაში მაშინდელი მთავრობის წევრებმა შეიტანეს საკუთარი წვლილიც. ეს პროექტი 2003 წელს 30 მილიონით დაიწყო და მერე 350 მილიონამდე გაიზარდა დაფინანსება.
ბოლო დღეებში ლუგარის ლაბორატორია ახსენა მიხეილ სააკაშვილმა და სხვა პოლიტიკოსებმაც. მე ამაზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ თუ ვინმეს დააინტერესებს, მოგვიანებით დეტალურად მოვყვები, ვინ რა როლი ითამაშა ლუგარის ლაბორატორიის შექმნასა და ამუშავებაში“, – განაცხადა გამყრელიძემ გადაცემაში „SWOT ანალიზი“.
ცნობისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა.
რიჩარდ ლუგარი, ამერიკელი სენატორი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ლუგარის ცენტრის“ პრეზიდენტი, 87 წლის ასაკში 2019 წელს გარდაიცვალა.
გარდაცვალებამდე 87 წლის სენატორი ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა.
რესპუბლიკელი სენატორი ბირთვული იარაღის უტილიზაციის პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, რომლებსაც არ გააჩნდათ სახსრები ბირთვული მასალების ლიკვიდაციისა და სათანადო შენახვისთვის.