საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ინფორმაციული თვალსაზრისით მუდმივად განახლებადი გვერდია. გარდა ინფიცირებულთა მაჩვენებლისა, ამავე გვერდზე შესაძლებელია საინტერესო საკითხების მოძიება: უახლესი სტატიების წაკითხვა, ახალი კვლევების ნახვა და ა.შ. ამავე გვერდზე მოცემულია საზოგადოების მხრიდან მთავრობის მისამართით დასმული ყველაზე აქტუალური კითხვები და პასუხები. გთავაზობთ 5 ყველაზე აქტუალურ და ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას:
1. რა შემთხვევაშია მოქალაქის ყოფნა საჭირო თვითიზოლაციაში/კარანტინში და რამდენი ხნით?
ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ვალდებულია იყოს იზოლაციაში. იზოლაციის წესი თანაბრად ვრცელდება საზღვარზე შემოსულ ყველა პირზე, განსაზღვრულია 14 დღით და გულისხმობს თავდაპირველ კარანტინს და შემდეგ შესაძლო თვითიზოლაციას. მოქალაქე იქნება კარანტინში, თუ თვითიზოლაციაში – გადაწყდება მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგი შეამოწმებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე თუ პირის საცხოვრებელი ადგილი ეპიდემიოლოგის შეფასებით შეესაბამება თვითიზოლაციის მოთხოვნებს, პირი ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ იგზავნება სახლში, სადაც განხორციელდება მისი პერიოდული კონტროლი ეპიდემიოლოგის და შსს შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ,თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევაში გადაყვანა მოხდება იძულებით კარანტინში. თუ პირის საცხოვრებელი ადგილი ეპიდემიოლოგის შეფასებით არ შეესაბამება თვითიზოლაციის მოთხოვნებს,დარჩება საკარანტინო სივრცეში.
მიმდინარე წლის 10 აპრილიდან გამკაცრდა პირობები და ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის რისკის ჯგუფის ქვეყნიდან/რეგიონიდან, არის კონტაქტი დადასტურებული შემთხვევის ან covid-19-თვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოხვდა სამედიცინო დაწესებულებაში, გაწერის შემდეგ გადის სავალდებულო კარანტინს. თვითიზოლაცია განიხილება ინდივიდუალურად, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გადაწყვეტილების მიღება ხდება შესაბამისი სამსახურების მიერ.
2. გაიცემა თუ არა ცნობა თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის სამსახურში წარსადგენად?
თუ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.
3. როგორ ხდება ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკა და რა ღირს?
სადიაგნოსტიკო ტესტი (ანალიზი) ტარდება, თუ ექიმის მიერ ინფექციის არსებობაზე გაჩნდება ეჭვი. ახალ კორონავირუსზე, სადიაგნოსტიკო კვლევები მათ შორის სპეციფიკური სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
4. რომელი ქვეყნებია მიჩნეული ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებად?
ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებია ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, აშშ და დიდი ბრიტანეთი.
5. გადაეცემა თუ არა ახალი კორონავირუსის ამანათთან შეხებით?
ახალი კორონავირუსის (COVID-19) ამანათთან შეხებით გადადება არ დაფიქსირებულა.
