სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, გოგელიას კლინიკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
კლინიკას, მისამართზე – ქ. თბილისი, ივ. ჯავახიშვილის 83, არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და ექიმს შესაბამისი სერტიფიკატიც არ გააჩნია.
„კლინიკას იმუნიზაციის ჩატარების უფლება არ ჰქონდა, რადგან მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის რეესტრში, აღნიშნულ მისამართზე აღნიშნული საიდენტიფიკაციო კოდით, დარეგისტრირებული არ არის. რაც შეეხება ექიმს, 2020 წელს სააგენტომ გამოავლინა, რომ აღნიშნული პირი ეწეოდა უკანონო საექიმო საქმიანობას და საქმიანობდა გაყალბებული სერტიფიკატებით, აღნიშნული პირის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და ასევე, საქმე გადაეცა პროკურატურას“, – აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ამ ეტაპზე გოგელიას კლინიკაში იმყოფებიან და საქმის დეტალებს ეცნობიან.
ზაალ კაპანაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი კანონმდებლობით, აბულატორიული ტიპის საქმიანობის დაწყება ხდება სააგენტოში სავალდებულო შეტყობინებას განხორციელების ნიადაგზე, თუმცა უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ამბულატორიული კლინიკისთვის საქმიანობის დაწყების მექანიზმს ბევრად გაააუბჯობესებს და პაციენტებზე მეტად ორიენტირებულს გახდის.
„იმისათვის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მსგავსი ტიპის შემთხვევები, მნშვნელოვანია, რომ ამბულატორიული დაწესებულების გახსნისთვის საჭირო იყოს სააგენტოს წინასწარი ნებართვა და სამედიცინო საქმიანობის დაწყების საფუძველი არ გახდეს მხოლოდ შეტყობინება. აღნიშნული კანონი 2009 წელს არის მიღებული, განახლება ყველაფერს სჭირდება, შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტრომ და სააგენტომ მოამზადა პაკეტი, რომელიც გადაგზავნილია პარლამენტში და ალბათ ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში იმსჯელებენ“ , -აღნიშნავს რეგულირების სააგენტოს დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.