LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაგრებში ევროპის პირველი კომერციული უპილოტო ტაქსის სერვისი ამოქმედდა

115
ქირიას NEWS შაბლონი (3)

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის პირველი კომერციული უპილოტო ტაქსის სერვისი ამოქმედდა. ადგილობრივი კომპანია Verne-ს რობოტაქსის გამოძახება უკვე შესაძლებელია მობილური აპლიკაციის საშუალებით – ისევე, როგორც ჩვეულებრივი ტაქსის.

საწყის ეტაპზე სერვისი ქალაქის შეზღუდულ ტერიტორიაზე მუშაობს, რომელიც მოიცავს ზაგრების ცენტრს, რამდენიმე ახალ უბანსა და აეროპორტის მიმდებარე ზონას. მგზავრებისთვის ხელმისაწვდომია 500-ზე მეტი ჩასხდომისა და ჩამოსვლის ადგილი.

კომპანია მომხმარებლებს ეტაპობრივად ამატებს. ამ დროისთვის სერვისით მხოლოდ 300 მგზავრი სარგებლობს, თუმცა მოლოდინის სიაში უკვე 4 000-მდე ადამიანია.

პირველი ეტაპის ფარგლებში ქალაქში მხოლოდ 10 უპილოტო ტაქსი მოძრაობს. ავტომობილები მარშრუტს დამოუკიდებლად გეგმავენ, გზაზე ორიენტირებისთვის კი კამერებსა და რადარებს იყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილები ავტონომიურად გადაადგილდებიან, მათში ჯერ კიდევ იმყოფებიან სპეციალურად მომზადებული ოპერატორები. ისინი ავტომობილს არ მართავენ, თუმცა უსაფრთხოების მიზნით საჭიროების შემთხვევაში ჩარევა შეუძლიათ. კომპანიის მიზანია, მომავალში შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ ტაქსებმა სრულიად დამოუკიდებლად იმუშაონ.

ამჟამად მგზავრობის საფასური, მანძილის მიუხედავად მხოლოდ 1,99 ევროა. კომპანიამ ასეთი ტარიფი მომხმარებლების მოსაზიდად და მომსახურების შესახებ მეტი შეფასების მისაღებად დააწესა.

Verne-ის ინფორმაციით, უპილოტო ტაქსებმა უკვე ათიათასობით კილომეტრი ავარიის გარეშე გაიარეს, ხოლო მომხმარებელთა 90%-მა სერვისი ოთხი ან ხუთი ვარსკვლავით შეაფასა.

კომპანია წლის ბოლომდე გეგმავს როგორც მომსახურების ზონის გაფართოებას, ისე ავტოპარკის რამდენიმე ათეულ ავტომობილამდე გაზრდას.

ამ დროისთვის სრულად ავტონომიური, კომერციული რობოტაქსის სერვისი – სადაც ავტომობილში არც მძღოლი და არც უსაფრთხოების ოპერატორია, მხოლოდ აშშ-ში, ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ფუნქციონირებს. ზაგრების პროექტი ამ მიმართულებით ევროპისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g