LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის საქართველო: სად წავიდეთ და რა ვნახოთ 2022 წლის დასაწყისში

695
zgapruli-adgilebi-kolaji

საქართველოში ზამთარი წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სეზონია, რომელიც გასაოცარ სანახაობრივ ადგილებს ქმნის.

საქართველოს თითოეულ რეგიონში ზამთარი განსხვავებულია თავისი სეზონურობით, შესაბამისად, სხვადასხვა ინტერესის მქონე დამსვენებლებსა და მოგზაურებს შეუძლიათ, დაიკმაყოფილონ საკუთარი სურვილები და ყველამ თავისი ზამთარი აღმოაჩინოს საქართველოში.

„ფორტუნა“ გთავაზობთ სიას, თუ სად შეგიძლიათ გაატაროთ ზამთრის რამდენიმე დღე თქვენთვის მშვიდად, კომფორტულად და თბილად.

სტეფანწმინდა

სტეფანწმინდა გამორჩეული ტურისტული ადგილია საქართველოში, რომელსაც უამრავი დამსვენებელი სტუმრობს როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სეზონზე. სტეფანწმინდა მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე. თბილისიდან დაახლოებით 2 საათის და 30 წუთის სავალ მანძილზე. ეს პატარა, მაგრამ ულამაზესი, მთებით გარშემორტყმული დაბაა. სტეფანწმინდაში გართობისა და დასვენების უამრავი შესაძლებლობა გექნებათ. დაბაში თოვლი უჩვეულოდ ადრე, ოქტომბრის დასაწყისშიც შეიძლება მოვიდეს. თოვლით გადათეთრებული სტეფანწმინდა ულამაზესია ამ პერიოდში. თუ გიყვართ ბუნება და მთიან ადგილებში დასვენება, შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით. სტეფანწმინდაში შეგიძლიათ ახვიდეთ და მოინახულოთ გერგეთის სამება, საიდანაც სტეფანწმინდის ხედი იშლება. აქვეა, მყინვარწვერი, რომელიც ზღვის დონიდან 5054 მეტრზე მდებარეობს.

მესტია

თუ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და ბუნების განსხვავებული მშვენიერების ნახვა გსურთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ სვანეთს, განსაკუთრებით ზამთარში და განსაკუთრებით, დათოვლილი მესტიის სანახავად. მესტიას, ისევე როგორც მთლიანად სვანეთს, უძველესი ისტორია აქვს. ის გამორჩეულია საოცარი, ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. მომნუსხველი და დაუვიწყარია სვანეთის მშვენება – მწვერვალი უშბა, საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, აზიდული კლდეებიდან გადმომდინარი ჩანჩქერები და ცასავით ლურჯი ალპური ტბები. მესტია შესანიშნავი ადგილია მთაში დასვენების მოყვარულთათვის როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. აქ ფუნქციონირებს სამთო-სათხილამურო კურორტები ჰაწვალი და თეთნულდი.

ხულო

აჭარას დამსვენებლები, ძირითადად, ზაფხულის პერიოდში, ზღვის სეზონზე სტუმრობენ, თუმცა, აჭარაში ზამთარში ჩასულ ტურისტებს სხვა უამრავი ულამაზესი ადგილიც ელით. სამთო-სათხილამურო კურორტ “გოდერძის” გარდა, აჭარაში ზამთარში საოცრად ლამაზი ადგილია დათოვლილი ხულო, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 923 მ, ბათუმიდან 88 კმ. სახელწოდება “ხულოს” ძველი ფორმაა “ხულა”, რომელიც სავაჭრო სახლს ნიშნავს. როგორც ცნობილია, შუა საუკუნეებში აქ სავაჭრო-საქარავნო გზა გადიოდა.

კურორტი ბეშუმი

აჭარის სამთო კურორტების გამორჩეულ სიამაყეს წარმოადგენს ალპურ ზონაში განლაგებული კურორტი ბეშუმი, რომელიც მდებარეობს არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1850-2000 მეტრის სიმაღლეზე. ბეშუმში მიმავალი მოგზაური ჯერ კიდევ გზაში აივსება არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებით, რადგან გზად იგი გაივლის აჭარისწყლის ულამაზეს ხეობას, სადაც დღემდეა დაცული კოლხეთისათვის დამახასიათებელი მცენარეულობა. შესანიშნავ პეიზაჟებს ქმნიან აჭარისწყლის შენაკადები, რომლებიც მრავალ ადგილას თვალწარმტაც ჩანჩქერებად ეშვებიან ხოლმე. კურორტი საუკეთესო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს მათთვის, ვინც გარდა ქალაქის ხმაურისა და სიცხისგან თავის დაღწევისა, ჯანმრთელობასა და დროის საინტერესოდ გატარებაზე ზრუნავს. კურორტზე ალპური და წიწვოვანი მცენარეების საუკეთესო კომბინაცია დასვენებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის და ის ტურისტებისთვის საუკეთესო საპიკინიკე და საკარვე ადგილს წარმოადგენს, სადაც საფეხმავლო, საცხენოსნო და სათავგადასავლო ტურების განხორციელებაა შესაძლებელი.

ბეშუმი მთის კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. მთავარი სამკურნალო ფაქტორია ჰაერის გამჭირვალობა და უმნიშვნელო ტენიანობა, მზის ულტრაიისფერი სხივების სიუხვე, კარგი სასმელი და მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახები, მდიდარი ბუნებრივი გარემო.

ბახმარო

მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და ქმნის უნიკალურ გარემოს. კურორტი წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყეებით. საკურორტო სეზონი მხოლოდ ზაფხულის, სამი თვის განმავლობაში გრძელდება. მიზეზი მაღალი ნალექი და ინფრასტრუქტურის არარსებობაა. კურორტზე არ არის წყალგაყვანილობა და ელექრომომარაგებას ხშირად ხარვეზები აქვს. ზამთარში აქ მოხვედრა რთულია, თუმცა შესაძლებელია ბურანის ქირაობა- ჩოხატაურში და შედარებით ხელმისაწვდომია. კურორტზე ზამთრის განმავლობაში შესაძლებელია თოვლის მანქანის ქირაობაც, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ზამთარში ტემპერატურა საშუალოდ -5C-ია.

კურორტზე ტიპური ხის სააგარაკო სახლები დგას, რომელთა ქირაობაც შესაძლებელია. კურორტზე ფუნქციონირებს ერთი სასტუმრო „ბახმარო“-ც. ადგილზე არის რამდენიმე მაღაზია, აგრეთვე, პატარა ბაზარი ხილ-ბოსტნეულის შესაძენად, რამდენიმე კაფე, და მცირე გასართობი პარკი პატარებისთვის.

10 თვალისმომჭრელი ქართული სოფელი, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები