ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამ ეტაპზე ბირთვული უსაფრთხოება დაცულია, თუმცა სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიცვალოს. ეს განცხადება მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეოჩართვის დროს გააკეთა.
„ამ რთულ, ბნელ დროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უნდა იყოს დაშვებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – განაცხადა გროსიმ.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო მეთვალყურეთა მისიის გაგზავნას ითხოვს უკრაინაც.
კიევი და დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთის არმიამ რამდენჯერმე გაუხსნა ცეცხლი ატომურ ელექტროსადგურს. მათი თქმით, რუსეთი სადგურს სამხედრო ბაზად იყენებს. უკრაინის მთავრობა მოუწოდებს რუსეთს, დატოვონ ობიექტი.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთს სამხედროების ზაპოროჟიეს სადგურიდან გაყვანისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსმაც.
„ზაპოროჟიეს სადგურზე შექმნილი სიტუაციის მიზეზი საიდუმლოს არ წარმოადგენს. ეს არის ერთ-ერთი ტრაგიკული შედეგი რუსეთის გადაწყვეტილებისა, შეიჭრას მეზობელ უკრაინაში“, – თქვა ჯენკინსმა.
საპასუხოდ, მოსკოვი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისამართით სროლაში უკრაინის არმიას ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო უწყებაში მომხდარს „ბირთვული ტერორიზმი“ უწოდეს.