ზაზა ფაჩულია Golden State Warriors-ში კალათბურთისა და ბიზნესის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. ინფორმაცია თავად ოკლენდელებმა „ტვიტერზე“ გაავრცელეს.
ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი Golden State Warriors-ში დააწინაურეს. აქამდე ის ადმინისტრაციულ საკითხებში, „უორიორსის“ მრჩეველი იყო და ამ პოსტზე ორი წელი იმუშავა. ამიერიდან კი Golden State Warriors-ის ყოფილი ცენტრი, ამ გუნდის კალათბურთისა და ბიზნესის ურთიერთობების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, ფაჩულიას ბიზნესის მიმართულებით საქმიანობის გარკვეული გამოცდილება უკვე აქვს. 2019 წელს ქართველი კალათბურთელი და NBA-ს ორგზის ჩემპიონი დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ამ კომპანიასთან ზაზა ფაჩულიას მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს.
