“განსაკუთრებული გმირობის ტოლფასია პროტესტი, როცა შენი ქალაქი ოკუპირებულია, თუნდაც დროებით”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხი უკან არ იხევს და არ ნებდება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ქალაქების ოკუპაცია დროებითია და მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ყველა ქალაქში, სადაც მტერი შევა, შეტევაზე გადავიდნენ:
“უკრაინის ქალაქების ოკუპაცია დროებითია – ხერსონი, კონოტოპი, მელიტოპოლი – ამ ქალაქების მაცხოვრებლები, ყოველდღიურად, თავიანთი მონდომებითა და ერთიანობით აძევებენ ოკუპანტებს. განსაკუთრებით გმირობაა პროტესტი მაშინ, როცა შენი ქალაქი ოკუპირებულია, როცა იარაღი არ გაქვს, გესვრიან, მაგრამ არ გარბიხარ. როცა ჯავშანტრანსპორტიორი მიდის შენკენ, მაგრამ შენ არ გარბიხარ.
ჩვენი უკრაინელი ხალხი უკან არ იხევს. არ ნებდება. არ წყვეტს წინააღმდეგობას. ისინი ოკუპანტებს უყვირიან – წადით სახლში, ისევე, როგორც იმ რუსულ გემს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დონბასის მოსახლეობას მიმართა:
“დონბასი არასოდეს დაცემულა და მას ვერავინ დააჩოქებს. ახლა დროა! მივმართავთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ადამიანებს, ვისაც პროპაგანდა ვერ მოერია, ბრძოლეთ, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, ხერსონთან, ბერდიანსკთან, კიევთან და უკრაინის სხვა ქალაქებთან ერთად, რომლებიც სიცოცხლეს აფასებენ”, – განაცხადა მან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: