“ოკუპანტები შესაბამის პასუხს იღებენ ჩვენსწინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე. მადლობელი ვარ არმიის და დაზვერვისა, რომელიც ამას უზრუნველყოფს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრის დროს განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი არის ბოროტება, რომლის დამშვიდებაც მხოლოდ ბრძოლის ველზე შეიძლება:
“რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის ქალაქების დაბომბვას, რაც ადასტურებს, რომ რუსეთი ბოროტებაა, რომლის შეჩერებაც მხოლოდ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი.
როგორც ვიწინასწარმეტყველე, რუსეთი ძალიან ნერვიულობს ჩვენი აქტიურობით. ისევ დაბომბვა – ხარკოვი, ოდესა… ისევ სასტიკი შეტევის მცდელობა დონბასში. ჩვენ ვიცავთ ლისიჩანსკს და სევეროდონეცკს. ამ რეგიონში ყველაზე რთული ვითარებაა, არის უმძიმესი ბრძოლები. მაგრამ ჩვენი ძლიერი ბიჭები და გოგოები იქ არიან. ოკუპანტები შესაბამის პასუხს იღებენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზეც, რომელიც საბჭომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უნდა მიიღოს:
“მიმდინარე კვირის შემდეგი დღეებიც დატვირთული იქნება. ჩვენ მივდივართ ევროსაბჭოს მთავარი გადაწყვეტილებისკენ, რომელსაც პარასკევს მიიღებენ. ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეჭვი არავის შეეპაროს – რომ უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში