ქართულმა ტელეგადაცემამ, რომელიც ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვისაა, საზოგადოებაში გავრცელებულ მნიშვნელოვან რელიგიურ თემაზე გააკეთა აქცენტი. „როდესაც ორი ადამიანი ჯვარს იწერს, ნათქვამია, რომ ისინი ზეცაში ერთად იქნებიან. რა ხდება მაშინ, როცა ადამიანს რამდენჯერმე აქვს ჯვარი დაწერილი?“- ამ კითხვით გადაცემის წამყვანმა თამიამ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსს მეუფე საბას მიმართა.
მეუფე საბას განმარტებით, ცათა სასუფეველში ქორწინება აღარ არსებობს და ჯვრისწერის ცნება, მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების კონტექსტში უნდა გავიგოთ.
„ცათა სასუფეველში აღარ არის ქორწინება. ზოგი ჯვარს იწერს იმიტომ, რომ იქ ერთმანეთს შევხვდეთო. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ქორწინება არის აქ, ამქვეყნად. ზეცაში ფიზიკური ურთიერთობები აღარ არის,“ – აღნიშნა მეუფემ.
მისი თქმით, ზეციური ცხოვრება სულიერია და ის არ ეფუძნება ამქვეყნიურ ფორმებს — მათ შორის არც ქორწინებასა და ფიზიკურ კავშირს.