თითოეულმა ჩვენგანმა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მშვიდად წაგვემართა ეს კამპანია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიაში დაძაბულობის და არეულობის შეტანას შეეცადა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. მან ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ გიორგი შენგელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან მშვიდი და ევროპული წინასაარჩევნო კამპანია წარმართა.
ჩიქოვანის თქმით, ზუგდიდელებს კარგად ახსოვთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სიმძიმეები და ამას უკან არ დააბრუნებენ.
„ქართულმა ოცნებამ” და ჩვენმა კანდიდატმა გიორგი შენგელიამ მშვიდი, ევროპული კამპანია წარმართა, რომელიც მიმართული იყო ზუგდიდელების პრობლემების მოგვარებაზე, იმ პროექტებზე, რომლებიც ზუგდიდშია დაგეგმილი, რა პროექტების განხორციელებასაც აპირებს გუნდი შემდეგი წლების განმავლობაში.
გეგა შენგელიამ და თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც საარჩევნო კამპანიაში ვიყავით ჩართული, ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მშვიდად წაგვემართა ეს კამპანია, თუმცა თქვენც კარგად დაინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიაში დაძაბულობის და არეულობის შეტანას შეეცადა. იყო ძალიან ბევრი პროვოკაცია, ძალიან ბევრი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება და მოსახლეობა შეეყვანათ შეცდომაში, თუმცა ყველა კარგად ხედავს ზუგდიდში, რომ ჩვენს ინტერესს წარმოადგენს ზუგდიდის განვითარება და არა ის ძალადობრივი მეთოდები, რა მეთოდებითაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ზუგდიდში ატარებდა არჩევნებს.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამ ქალაქში ძალიან რთული გამოცდილება აქვთ. ძალიან კარგად ახსოვთ ძალადობის ყველა ის ფაქტი და სიმძიმე, რაც ამ ქალაქში ტრიალებდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ზუგდიდელები ამას არ დააბრუნებენ და ხმას მისცემენ ზუგდიდის შემდგომ განვითარებას,” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.