შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებით ორი ადამიანი გ.ქ. და რ.მ დააკავეს. როგორც ირკვევა, მათგან ერთ-ერთი, ათონის მთაზე მოღვაწე ბერია.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება. შსს-მ რადიო „ფორტუნასთან“ საუბრის დროს აღნიშნა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთ-ერთი პირი 2 დეკემბერს, მეორე კი გუშინ, გვიან ღამით 4 დეკემბერს დააკავეს.
ამასთან, შსს-ში გვითხრეს, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა და ვერ გაამხელენ დაკავებული ნამდვილად არის თუ არა სასულიერო პირი.
მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებიან. დაკავებული ბერის გ.ქ.-ს უფლებადამცველის ინფორმაციით, სასულიერო პირი დანაშაულს აღიარებს.