LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტია: ფიდეს ახალი პრეზიდენტი კი არკადი დვორკოვიჩი გახდა

35

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის პოსტი, ქართველმა დიდოსტატმა – ზურაბ აზმაიფარაშვილმა, კიდევ ოთხი წლით გაიხანგრძლივა.

ბათუმში, ფიდე-ს 89-ე ყრილობაზე გამართულ არჩევნებზე, კავშირის მოქმედი პრეზიდენტი – 58 წლის ზურაბ აზმაიფარაშვილი, ერთადერთი კანდიდატი იყო და პოსტის ოფიციალურად დასაკავებლად მინიმუმ ორი ხმა ყოფნიდა.

საბოლოოდ ზედიზედ მეორედ გაპრეზიდენტებულ – აზმაიფარაშვილს, დღევანდელ კენჭისყრაზე – 50 დელეგატიდან, მხარი 44-მა დაუჭირა. ოთხი ბიულეტენი ცარიელი იყო, ორი კი ბათილად იქნა ცნობილი.

პირველად, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად, ზურაბ აზმაიფარაშვილი 2014 წელს – ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში აირჩიეს.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ფიდე-ს არკადი დვორკოვიჩი უხელმძღვანელებს.

კენჭისყრამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. საბოლოოდ ახალი პრეზიდენტი რუსი კანდიდატი – არკადი დვორკოვიჩი გახდა, რომელმაც მთავარ კონკურენტს, ბერძენ – გეორგიოს მაკროპულოსს 25 ხმით აჯობა. ჯამში 185 დელეგატიდან გამარჯვებულ კანდიდატს ხმა 103-მა მისცა, გეორგიოს მაკროპულოსმა კი 78 ხმა მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ხმას, ბათილად იქნა ცნობილი.

კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მესამე კანდიდატმა, ინგლისელმა დიდოსტატმა – ნაიჯელ შორტმა, საკუთარი კანდიდატურა, გეორგიოს მაკროპულოსის სასარგებლოდ მოხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები