აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებში, პოლიტიკური ელფერიც ჩანს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
”სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ, სამწუხაროდ, ბათუმში განვითარდა. სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გადაიყვანონ ეს სხვა სიბრტყეში. კადრებში ჩანდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რომ ჩვენი შვილები ჩართული იყვნენ მსგავს აქციებში”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.