„ქართული ოცნება“ სოციოლოგიური კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი 54 %-იანი მხარდაჭერით არჩევნებს პირველივე ტურში იგებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კვლევა 15 ოქტომრიდან 21 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში კი სულ 2 200 რესპოდენტი გამოიკითხა.
დეპუტატის მტკიცებით, კვლევა უზრუნველყოფდა შედეგების 95%-იან საიმედოობას, ხოლო ცდომილების ფარგლები იყო 3%.
კვლევის შედეგად, გამოკითხული ადამიანების 30% სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს – 11%, დავით ბაქრაძეს – 10%, სხვა კანდიდატებს კი 7%-იანი მხარდაჭერა აქვთ.
კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 42 % არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ან არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას.
ე.წ. ალოკაციის გზით, რომელიც არჩევნების მოსალოდნელ შედეგს აჩვენებს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები:სალომე ზურაბიშვილი – 54%;გრიგოლ ვაშაძე – 18%; დავით ბაქრაძე – 16; სხვა კანდიდატები – 12%. პარტიის დაკვეთით კვლევა “ფსიქო-პროექტმა” ჩაატარა.
“როგორც ხედავთ, გასულ კვირაში დაფიქსირდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მცირე ზრდა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების მხარდაჭერის მცირე კლება; დაფიქსირდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობის რამდენიმეპროცენტიანი კლება; სალომე ზურაბიშვილი აგროვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე ყველა ოპოზიციური კანდიდატი ერთად აღებული, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის აქტიურობის შემთხვევაში, ის იმარჯვებს პირველივე ტურში. მეორე ადგილზე გასვლის კვლავაც თანაბარი შანსი აქვთ გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს”, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ და ამომრჩეველს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, 18 ოქტომბერს “ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებული შიდა კვლევის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს გამოკითხული რესპოდენტების 27% უჭერდა მხარს.
