LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუსტად ვიცი სალომე ზურაბიშვილი რას გრძნობს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება უფრო წინ დგას – ეკა გიგაური

gigauri2

“ცხადია, რომ საჯარო პირს უხდება დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მეც ვარ ერთ-ერთი მაგალითი და ზუსტად ვიცი, ის რას გრძნობს, მაგრამ მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება წინ დავაყენოთ,”- ამის შესახებ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ცილისწამებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ესმის პრეზიდენტის დამოკიდებულება აღნიშნული საკითხის მიმართ, თუმცა, სასამართლო სისტემა თუ დამოუკიდებელი იქნება, არანაირი დამატებითი მექანიზმების შემოღება საჭირო არ გახდება.

“რადგანაც ეს არის ის მიღწევა, რომელიც ჩვენ ამ ქვეყანაში გვაქვს. ამიტომ დღევანდელი ჩვენი საკანონმდებლო სისტემითაც და რეგულაციებითაც შეგვიძლია და გვაქვს ბერკეტები დავამტკიცოთ, სად ვართ მართლები. მივიდეთ სასამართლოში, მაგრამ თუკი სასამართლო არ იქნება დამოუკიდებელი, მიკერძოებულად და ამორჩეულად მიიღებს გადაწყვეტილებებს, ცხადია, ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელი იქნება. ჩემი დავა იყო ამის კარგი მაგალითი. თუკი ადამიანები სხვა შემთხვევაში არ იყვნენ საჯარო პირები და კრიტიკულები ხელისუფლების მიმართ, ისინი ახერხებდნენ სასამართლოს წესით ამ სიმართლის დამტკიცებას და მე ვერ ვახერხებდი იმიტომ, რომ ვიყავი დაპირისპირებული “ქართულ ოცნებასთან”. ამიტომ სასამართლო სისტემა თუ დამოუკიდებელი იქნება, არანაირი დამატებითი მექანიზმების შემოღება ამ ქვეყანაში საჭირო არ იქნება,”- განაცხადა გიგაურმა.

ცილისწამების შესახებ ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს აქვს. მან აღნიშნულთან დაკავშირებით საახალწლო მილოცვაში ისაუბრა, დღეს კი საკითხის განსახილველად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.