ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა პლუს ვიზალიბერალიზაცია ქართულ ბიზნესს განვითარების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ევროკომისართან შეხვედრის დასრულების შემდეგ “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში პირველად შეხვდა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს.
მისივე თქმით, ბიზნესმა, განსაკუთრებით კი დამწყებმა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იცოდეს, რისი მომტანია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა.
”ევროპასთან ვაჭრობას ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს, ვინაიდან ის ყველაზე სტაბილური, დაცული და გარანტირებული ბაზარია ბიზნესისთვის. შევთანხმდით, რომ ასეთი შეხვედრები გაგრძელდება ბრიუსელში. ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევა. სტანდარტი უნდა იყოს ევროპული, რომ პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდოს”, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
მისივე თქმით, ქართველი ბიზნესმენები საკმაოდ მოწესრიგებულები არიან და შეძლებენ, ევროკავშირის სტანდარტები დააკმაყოფილონ.
”კონკრეტულ მაგალითს გეტყვით – ქართულ კივს, რომელიც გერმანულ სუპერმარკეტებში იყიდება, ალტერნატივა არ აქვს. მათი მოთხოვნაა, რომ რაც შეიძლება მეტი კივი მივაწოდოთ. პერსპექტივა არის. თუ კარგ პროდუქტს შევქმნით, ის აუცილებლად გაიყიდება”, – აღნიშნა ჭუმბურიძემ.
ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნე საბჭოს” წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობა, გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, სესილია მალმსტრომმა ”ევროკავშირი ბიზნესისთვის” კვირეული გახსნა, რომელიც 21-დან 25 მარტის ჩათვლით გაიმართება და საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მიეძღვნება.