LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

НТВ-ПЛЮС-ის “გეოგრაფიული ექსპანსია” და “რუსული სოციალური მისია” – 2 კანონპროექტი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

„გეოგრაფიული ექსპანსია“ და „სოციალური მისია“ – ასეთია რუსული მაუწყებლის НТВ-ПЛЮС-ის ოფიციალურად გაცხადებული მიზნები საქართველოში, რომლის ბრენდიც გაზპრომ მედიას ეკუთვნის და რომელმაც ქვეყანაში მაუწყებლობის ლიცენზია უკვე მიიღო.

რუსული გავლენის გააქტიურებას ქვეყანაში სხვადასხვა დროს გარკვეული ინიციატივები მოჰყვებოდა ხოლმე. გასულ წელს მოსკოვში არასახელისუფლებო პარტიების მხრიდან გახშირებულ ვიზიტებსა და მოლაპარაკებებს თავისუფალი დემოკრატების კანონპროექტი მოჰყვა, რომელიც, ხელისუფლების გარდა, სხვა სუბიექტებს რუსეთში მოლაპარაკებების წარმოებას უკრძალავს.

„თავისუფალი დემოკრატების“  ამ ინიციატივის  შემდეგ კიდევ ერთი კანონპროექტი დაიწერება, რომელიც უკვე რუსული  მედიის საქართველოში მოქმედებას შეზღუდვებს დაუწესებს.  „გაზპრომ მედიას“ საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოში კვლავ აქტუალური გახდა რუსული არხების აკრძალვის თემა. ინიციატივა ამჯერად „ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის.

 

რუსული ნარატივი საქართველოში

„მაშინ დაიქცა ქვეყანა,  საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა“,  „საბჭოთა კავშირში სამსახური ყველას გვქონდა“, „მაშინ ყველაფერი ხარისხიანი იყიდებოდა, ახლა რას ვჭამთ, ნეტა“, „სტალინის დროს ამას ვინ გაბედავდა“ – ამ ფრაზებიდან რომელიმე, ალბათ, ყველას გვაქვს მოსმენილი, ძირითადად, ძველი თაობის ადამიანებისგან, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უფუნქციოდ დარჩენას უჩივიან და შვილიშვილებს „დიდებულ წარსულზე“ უყვებიან.

დღემდე, 2008 წლის ომამდეც და იმის მერეც, ყოველ 9 მაისს გორი კვლავაც მოვლენების ეპიცენტრშია, სადაც საბჭოთა ნოსტალგიის ადამიანები იკრიბებიან, ჩადიან საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც, სტალინის სურათებით, რუსეთის დროშებით…

NDI- ის ბოლო კვლევის მიხედვით, პრორუსული კურსის მომხრე გამოკითხულთა 27%, პროდასავლურს 66% უჭერს მხარს (კვლევა 2017 წლის 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. ქვეყნის მასშტაბით 3 141 პირი გამოიკითხა, 2016 წელს ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27 პროცენტის აზრით, საქართველომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების დამყარების სანაცვლოდ უარი უნდა თქვას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე).

რუსული რბილი ძალა რომ ქვეყანაში საკმაოდ ძლიერია, ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშიც მოწმობს. გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, ქვეყანაში გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა – ნათქვამია ანგარიშში.  საუბარია ე.წ. ლობისტურ ჯგუფებზე, პოლიტიკურ გაერთიანებებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, ფონდებზე, ეკონომიკური და ენერგეტიკული ბერკეტებით მანიპულირებაზე.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოსა და უცხო ქვეყნებში იდენტიფიცირებულნი არიან პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის იდეის პროპაგანდას ეწევიან.

 

რას ითვალისწინებს კანონი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

კანონპროექტი, რომელზეც „ევროპული საქართველო“ საუბრობს, რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიმართული. რა თქმა უნდა, აკრძალვა იმ ადამიანებს არ შეეხებათ, სტალინის სადღეგრძელოს რომ სუფრასთან სვამენ. ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის ზოგიერთი უფლების შეზღუდვას საერთაშორისო სტანდარტი მხოლოდ საომარი ან განსაკუთრებული მდგომარეობის დროს ცნობს დასაშვებად. კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ მათი ამოცანა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის და ამბობენ, რომ პრობლემა პრორუსულ ნარატივში არაა.

სერგი კაპანაძე „ფორტუნასთან“ განმარტავს, რომ კანონპროექტის მთავარი მიზანი რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი მედიასაშუალებებისათვის დაფინანსების, ასევე რუსული მაუწყებლობის შეზღუდვა უნდა იყოს.

 „აქ იმაზე არაა საუბარი, რომ კონკრეტული მოსაზრებები ავკრძალოთ, ეს არასწორია თუ ესე იქნება გაგებული, უბრალოდ ის ინსტრუმენტები, რომლებითაც ჩვენთან შემოდიან და უკვე შეზღუდულია ბევრ ევროპულ სახელმწიფოში იმიტომ, რომ ისინი არიან პირდაპირ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებები. ჩვენი მიზანია მათი დარეგულირება მოხდეს.

ზოგადად მე წინააღმდეგი ვარ, რომ აკრძალვების კუთხით იყოს უფრო მეტი ინიციატივა, მაგრამ, მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალების შემოსვლა უნდა იყოს დარეგულირებული,“ –  ამბობს სერგი კაპანაძე.

აღნიშნულ ინიციატივას ჯერ კანონპროექტის სახე უნდა მიეცეს, მანამდე კი პარლამენტში რუსული გავლენის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი კანონპროექტი შევა, რომელიც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ შეიმუშავეს.

შალვა შავგულიძე „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესში ჩართული იყო რამდენიმე პარტია, მათ შორის საპარალამენტო ოპოზიციაც. ახლა კი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებს ისმენენ.

„ჩვენ ინიციატივაზე მუშაობა უკვე დასრულებული გვაქვს. ეს ეხება იმას, რომ ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კომუნიკაციის უფლება უნდა ჰქონდეს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას და არა სხვა რომელიმე სუბიექტს, იქნება ეს  ფიზიკური, იურიდიული პირი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პარტია. ეს ეხება სისხლის სამართლის წესით ამ აკრძალვის შემოტანას.

„მათთან ურთიერთობა იმდენად დიდი რისკის შემცველია, რომ ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა აიღოს. მაშინ, როცა დიპლომატიური ურთიერთობა ამ ქვეყანასთან გაწყვეტილი გვაქვს, არ შეიძლება,  მოლაპარაკებებზე ოპოზიციური პარტიები მიდიოდნენ,“ – ამბობს შალვა შავგულიძე.

მისივე თქმით, მათი კანონპროექტი არ კრძალავს პირად, არც ხელოვნების, განათლების და სახალხო დიპლომატიის ან კერძო ინტერესებით განპირობებულ ურთიერთობებს.

 

პოლიტიკური პარტიები,  რომლებიც დისკუსიებში ჩაერთვებიან

 „ევროპული საქართველო“ კანონპროექტის შემუშავების პროცესში პროდასავლურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორს სთავაზობს თანამშრომლობას.

აღნიშნულ საკითხზე დისკუსიისა და თანამშრომლობისთვის მზაობას, პრაქტიკულად, ყველა პროდასავლური პარტია გამოხატავს.

„თავისუფალ დემოკრატებში“ ამბობენ, რომ კანონპროექტის ინიციატივა, რომელზეც სერგი კაპანაძემ ისაუბრა, მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტის ერთგვარი გაგრძელება უნდა იყოს.

„ეს ორი კანონპროექტი ერთმანეთს ავსებს და არ ფარავს. „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა ძალიან სასარგებლო და ძალიან საჭიროა. ჩვენი კანონპროექტი ერთ არხს კეტავს, ეს მეტად საჭიროა და მართლაც ვხედავთ, როგორი შემოტევაა რუსული პროპაგანდის. თუ ამას არ დავუპირისპირეთ კანონმდებლობა, უბრალოდ, წაგვლეკავს,“ – ამბობს შალვა შავგულიძე.

შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ამ კანონპროექტის შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება და კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის სხვა უფლებები. მისი თქმით, კანონპროექტი ამ უფლებებთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოხვდეს, მაგრამ იმავდროულად უნდა შეძლოს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დაცვა.

ამ კონტექსტში შალვა შავგულიძე ევროპული კონვენციის მე-15 მუხლზე საუბრობს, რომელიც საომარი ან სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის დროს სახელმწიფოს ეძლევა უფლება, შეზღუდოს ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და ასეთი შეზღუდვა არ შეიძლება, გავრცელდეს მხოლოდ იმ აბსოლუტურ უფლებებზე, როგორიც არის წამების, დისკრიმინაციის აკრძალვა და ასეთი სახის უფლებები.

„მაგალითად, ჩვენი კანონპროექტის შემთხვევაში სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლი წარმოადგენს იმ საერთაშორისო სტანდარტს, რომელსაც ვეყრდნობით და გვაძლევს უფლებას, განვაცხადოთ, რომ ჩვენი კანონპროექტი არ ზღუდავს კონვენციით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებს,“ – ამბობს შალვა შავგულიძე.

შალვა შავგულიძე დარწმუნებულია, რომ ინიციატივა, რომელზეც „ევროპული საქართველო“ საუბრობს და რომელიც კანონპროექტად უნდა ჩამოყალიბდეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.

„თუ რომელიმე ქვეყანა მის მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებს იყენებს სხვა ქვეყნის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შეზღუდვისთვის, ასეთი მედიასაშუალებების ფუნქციონირების უფლების შეზღუდვა აქვს ქვეყანას, რომლის სახელმწიფო ინტერესებსაც ხელყოფს უცხო ქვეყნის მედიასაშუალება, ასევე, ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია თუ სუბიექტი, მაგრამ, არსებობს საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტები, რომელიც უნდა იქნეს დაცული,“ – ამბობს შალვა შავგულიძე.

რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ გარკვეული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე დიდი ხანია საუბრობენ „რესპუბლიკელებიც“. თამარ კორძაია „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ მსგავს საკითხებზე სათანამშრომლოდ „რესპუბლიკური  პარტია“ მზადაა. კორძაია მიიჩნევს, რომ რუსული ფინანსური წყაროს ჩაკეტვა, გარდა რუსული სახელმწიფო არხებისა, სხვა მედიების პრობლემასაც მოაგვარებს, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ატარებენ.

„ვხედავთ, რომ რუსული მხარე ცდილობს, ყოველდღიურად მეტი სივრცე დაიპყროს საქართველოში, რაც საგანგაშოა იმიტომ, რომ ეს არის პრაქტიკულად ჰიბრიდული ომი, იდეოლოგიური ბრძოლით იმორჩილებენ ქვეყნებს, რუსეთს მენტალურად დაპყრობილი საქართველო სურს და ის, რომ НТВ-ПЛЮС-ს სურს, საქართველოში სერიოზულად დამკვიდრდეს, ეს ამ ყველაფრის ნაწილია.

„ძალიან მნიშვნელოვანია რუსული ტრანზაქციების შეზღუდვა და ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები „ევროპულ საქართველოს“, ასევე დეზინფორმაციული არხების ჩაკეტვა იმიტომ, რომ როცა ვიღაც ბოროტად სარგებლობს მედიის თავისუფლებით, ამას უკვე ევროპული სამართლის სტანდარტებით თავის სახელი ჰქვია.

„საქართველოში არის მედიასაშუალებები, რომლებიც რუსული ფინანსებით საზრდოობენ და მათაც აქვთ ეს პრობლემა, ამიტომ ეს საკითხი ორმხრივად უნდა იქნეს შესწავლილი: ფინანსური რესურსების გადაკეტვა და თვითონ არხების შეზღუდვა,“ – ამბობს თამარ კორძაია.

ევროპულ საქართველოსთან აღნიშნულ კანონპროექტზე თანამშრომლობისთვის მზად არის „ახალი საქართველოც“.

როგორც პარტიის პოლიტიკური მდივანი პაატა მანჯგალაძე ამბობს, მისასალმებელია ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეზღუდავს რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი და რუსეთის მიერ დაფინანსებული მედია საშუალებების მაუწყებლობას საქართველოში.

„როდესაც ვსაუბრობთ რუსული მედიასაშუალებების მაუწყებლობის შეზღუდვაზე, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ რუსული მედია საშუალებებია რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ძირითადი იარაღი. ამის ნათელი მაგალითია საქართველოში ბოლო პერიოდში გავრცელებული მითები, თუ როგორ ებრძვის დასავლური სამყარო ტრადიციებს, რელიგიასა და ოჯახის ინსტიტუტს. სწორედ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული საინფორმაციო საშუალებების დახმარებით წარმოებს ჩვენს წინააღმდეგ იდეოლოგიური ომი,“ – ამბობს პაატა მანჯგალაძე.

კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსიისთვის მზაობას გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობაც“, თუმცა, პარტიაში ამბობენ, რომ ხელშესახები შედეგის მიღების იმედი, არსებული ხელისუფლების პირობებში, ნაკლებად აქვთ.

„ჩვენ გავეცნობით, რა შესაძლო წინადადებები არსებობს დამატებითი, მაგრამ რეალურად პრობლემა გვაქვს იმ ხელისუფლებაში, რომელსაც რაც გვაქვს, იმ კანონის დაცვაც კი არ მიაჩნია აუცილებლად, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს იმ საფრთხეებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის საინფორმაციო იარაღის გამოყენებით ჩვენს ქვეყანაში. მთავარი ამოცანაა პასუხი მოვთხოვოთ ხელისუფლებას უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე.  თუმცა, დისკუსიის გაღრმავება ამ თემაზე და საზოგადოების ინფორმირება, თუ რამხელა საფრთხის წინაშე დგას, სასარგებლო იქნება,“ – ამბობს სალომე სამადაშვილი.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ სრულიად საინფორმაციო სივრცის რეგულირება დღევანდელ მსოფლიოში შეუძლებელია და ბლანკეტური აკრძალვის შემოტანა რთული,  თუმცა, ამბობს, რომ  გარკვეულ შეზღუდვებს ევროპული ქვეყნები მიმართავენ და რუსეთის ზეგავლენის შემცირება, ამის გამოყენებით, საქართველოსაც შეუძლია.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო რეგულირების გარდა, მნიშვნელოვანია საფრთხეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაც.

„ადამიანებმა არ იციან, რომ საინფორმაციო იარაღის სამიზნე არიან და არ იციან, რომ ეს ინფორმაცია მათ წინააღმდეგ არის მიმართული,“ – ამბობს სალომე სამადაშვილი.

„ფორტუნამ“  ევროპული საქართველოს ინიციატივასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც სცადა დაკავშირება, თუმცა, ნაწილმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, მანამ, სანამ ინიციატივა კანონპროექტის სახეს არ მიიღებს, კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებენ.

 

 

თაკო ივანიაძე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g