LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს იმის რესურსი, რომ უმრავლესობაში ურთიერთობები დალაგდეს -ირაკლი კობახიძე

99

არსებობს იმის რესურსი, რომ ურთიერთობები დალაგდეს, მაგრამ ბუნებრივია, იქნება შესაბამისი წინაპირობები, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობაში წარმოქმნილი დაპირისპირების კომენტირებისას გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ იქნება პირობები, რომელთა საფუძველზეც გაგრძელდება მუშაობა.

“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის გუნდის რამდენიმე წევრი, რომელმაც შეცდომები დაუშვა, თუმცა გუნდში ძალიან კარგი ვითარება და კარგი სულისკვეთებაა. არის 100-ზე მეტი დეპუტატი, რომელიც მოვლენებს სწორად აფასებს. არის გარკვეული შეცდომები, თუმცა არსებობს რესურსი იმისათვის, რომ ურთიერთობები ამ ადამიანებთანაც დალაგდეს. ბუნებრივია, იქნება შესაბამისი წინაპირობები. ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე. “ქართული ოცნება“ მთელი შემართებით განაგრძობს მუშაობას. ჩვენ არ გვცალია და არ უნდა გვეცალოს იმისთვის, რომ ასეთი დაპირისპირების ნიშნები გავაჩინოთ. გვაქვს უამრავი საქმე. პარლამენტს გააჩნია ძალიან ამბიციური გეგმები, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პირობებს, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დაირღვა დისციპლინა, რადგან ადგილი ჰქონდა თანაგუნდელისათვის შეურაცხყოფის მიყენებას, რაც განიხილება და შეფასდება.

“თუ დეპუტატი პირობებზე არ მოდის, გაგრძელდება შესაბამისი პროცესები. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, სადაც შევთანხმდით, რომ კონკრეტული წესები გაიწერება და ამ წესებთან მიმართებით გვექნება რეაგირების მექანიზმები. ასეთი წესები ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში და ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში არსებობს. იმისათვის, რომ დისციპლინა იყოს დაცული, საჭიროა დაწერილი და დაუწერელი წესების არსებობა. ეს წესები შემუშავდება და ამ წესების შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები