LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იზრდება

27

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინო ბოლო ერთი კვირის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ღონისძიებაზე იყო წარდგენილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  ქართული ღვინის წარდგენა მოხდა ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენებზე RAW NY და RAW LA, ასევე ღვინის მსხვილი იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და მედიისთვის გამართულ სპეციალიზირებულ დეგუსტაცია-პრეზენტაციებზე.

სამინისტროს ცნობით, ქართული ღვინის დეგუსტაციებს ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერალი და პროფესიონალი ელის ფეირინგი უძღვებოდა. აქვე, ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფის, მოგზაურისა და ღვინის მწერლის კარლა კაპალბოს წიგნის Tasting Georgia-ს პრეზენტაციაც გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თამთა ყველაიძის შეფასებით, გამართულმა ღონისძიებებმა აჩვენა, რომ აშშ-ში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო მზარდია, რაც აისახება კიდეც ექსპორტის მონაცემებში.

„ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში RAW-ს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს აშშ-ში, რომელიც რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. ამავე ქალაქებში გაიმართა 3 დეგუსტაცია – 2 ნიუ-იორკში და ერთიც ლოს-ანჯელესში, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინო გაიცნონ საერთაშორისო რეპუტაციის მქონე მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებმა და პოტენციურმა იმპორტიორებმა“, – აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 395 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 50 ექსპორტიორ ქვეყანას შორის, მიმდინარე წელს აშშ მე-9 ადგილზე გადავიდა. თამთა ყველაიძის თქმით, აშშ-ში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი გაცილებით დიდია და აქედან გამომდინარე, 2018 წელს ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ამ ქვეყანაში აქტიურად გააგრძელებს.

აშშ-ში გამართულ გამოფენებზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები: „ნათენაძის ღვინის მარანი“, „გოცას ღვინოები“, „არჩილ გუნიავას ღვინის მარანი – კვალითი“, „კერესელიძეების მარანი“, „ნაოტარი“, „ორგო“, „ბაბანეურის მარანი“, „ბრუალე“, „ივერი“, „მაკარიძის მეღვინეობა“, „ღვინის ქურდები“, „ფაფარი ველი“ და „ამირან ვეფხვაძის ღვინის მარანი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები