LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთიუ მილერი: „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა – ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის და მისი უფლების გვერდით, რომ მათი ხმა იქნას გაგონილი

169
მეთიუ მილერი

აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონდმებლობას, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიიღეს და იმ ცრუ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად იყენებენ, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მილერის განცხადების თანახმად, „კრემლის მიერ შთაგონებული უცხოური გავლენის” კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა.

„შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში იქნა მიღებული და ცრუ ნარატივს, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს აქვთ მის დასაცავად.

ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოს წევრობას და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. კომენტარები, რომლებიც არასწორად ახასიათებს საგარეო დახმარებას საქართველოში – რომელსაც ჩვენ გავცემდით 32 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გასაძლიერებლად, ძირს უთხრის ძლიერ ურთიერთობას, რომელიც განვავითარეთ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის და მისი უფლების გვერდით, რომ მათი ხმა იქნას გაგონილი. ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებენ დემონსტრაციებს. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუშვან, რომ არაძალადობრივი აქციის მონაწილეებმა გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება”, – წერია განცხადებაში.

პოპულარულები