LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღის პერსონალის დიდ ნაწილს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს – Unicef-ის დასკვნა

115

გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) -ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს 57 მუნიციპალიტეტში აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია. ამასთან, დირექტორთა 50% არ ფლობს ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებულ ცოდნას.

“კვლევამ აჩვენა, რომ 13 მუნიციპალიტეტს არ ჰყავს ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებაში ბაკალავრის ხარისხის მქონე არცერთი აღმზრდელი. მრავალი მუნიციპალიტეტისთვის პრობლემაა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალიზებული დამხმარე პერსონალის (სპეც. პედაგოგები, ფსიქოლოგები და სხვ.) ნაკლებობაც,” – წერია კვლევაში.

Unicef-ის დასაკვნის მიხედვით, პედაგოგთა ნაწილის განათლება ძირითადად თეორიული კურსებით შემოიფარგლებოდა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას არ მოიაზრებდა. თუმცა, კავშირი თეორიასა და პრაქტიკას შორის, ადრეული ასაკის ბავშვებთან მუშაობისთვის აუცილებელი კომპეტენციების შესაძენად არსებითია.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ აღმზრდელებისა და პედაგოგების უმრავლესობას აქვს სურვილი, გაიაროს კურსები პროფესიული კომპეტენციების გასაუმჯობესებლად, მაგრამ დაწესებულებებს თავისი კადრებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების საფასურის ასანაზღაურებლად ფინანსური რესურსები არ გააჩნიათ და ვინაიდან აღმზრდელებისა და პედაგოგების ხელფასი დაბალია, ისინი ამგვარ კურსებზე დასწრებას ვერ ახრეხებენ.

„სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის, მათ შორის დირექტორების, ხელფასი ძალზე დაბალია. სრულ განაკვეთზე დასაქმებული აღმზრდელის საშუალო ყოველთვიური ხელფასი 336 ლარს შეადგენს, რაც თითქმის სამჯერ ნაკლებია, ვიდრე საქართველოში დასაქმებული მოსახლეობის საშუალო ყოველთვიური შემოსავალზე. ამასთან, არ არსებობს ხელფასის ზრდის სისტემა,” – წერს Unicef.

გაეროს ბავშვთა ფონდი ბაღების გადატვირთვის პრობლემაზეც წერს.

„სკოლამდელი დაწესებულებების უმრავლესობაში ჯგუფებში ბევრი ბავშვია, რაც საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს საგრძნობლად აუარესებს: აღმზრდელები ვერ ახერხებენ ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების დაკმაყოფილებას და ისეთ პედაგოგიურ და ქცევის მართვის სტრატეგიებს იყენებენ,  რომლებიც ბავშვების განვითარებისთვის შეუსაბამოა. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გადატვირთული ჯგუფები, ხანგრძლივი სამუშაო საათები, დაბალი ხელფასები, საწყისი (საუნივერსიტეტო) განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ნაკლებობა საქართველოში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაბალი ხარისხის ძირითადი მიზეზებია,” – წერია კვლევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები