LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალნეოლოგიურ კურორტში დამატებით 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება – კურორტი იუბილარია

799

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. უნიკალური კურორტი, რომელიც დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს, 1938 წელს დაარსდა და მას შემდეგ განვითარების სხვადასხვა ეტაპი განვლო.

დღეისათვის, ბალნეოლოგიური მომხმარებელს უამრავ უნიკალურ, ბუნებრივ გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს: მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს ( წიწვით, ზღვის მარილით, ევკალიპტით, ბრომით და იოდით), ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახის და პარაფინის აპლიკაციებს, მშრალ ჰორიზონტალურ დაჭიმვას, წყალქვეშა დაჭიმვას, შარკოს შხაპს, აღმავალ შხაპს, ფიზიოთერაპიას, სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს: კლასიკური, მანუალური, ტაილანდური, ანტიცელულიტური, ასევე ოთხ ხელში მასაჟი.

ამასთან, კურორტს დაემატა ველნეს სპა მომსახურეობები: იოგა, პილატესი, vinyasa flow, ashtanga, stretching ( იოგის და პილატესის ნაზავი), აკვა აერობიკა, სველი და მშრალი საუნა, ასევე 2017 წლის  soprano ice ლაზერის აპარატი( დიოდი , ალექსანდრიტი და ნეოდიუმი ერთ მანიპულაში). როგორც ”ფორტუნას” თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის კომერციულმა მენეჯერმა, სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა, ლაზერის აღნიშნული აპარატი ყველა ტიპის თმაზე და კანზე არის 80%-ით ეფექტური სხვა აპარატებისგან განსხვავებით.

”ამასთან, გვაქვს ერგოლაინის 2017 წლის სოლარიუმის აპარატი Ergoline Inspiration 600, სხვადასხვა სახის გასახდომი და სარელაქსაციო მომსახურეობები. ახლო მომავალში კი კიდევ უფრო მეტ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს. ვგეგმავთ, მომდევნო 2 წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით. მოგეხსენებათ, ბალნეოლოგიურის ტერიტორიაზე შენდება 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც 2 წელში გაიხსნება და 140 ნომერი ექნება. ამასთან, მუდმივად ჩამოგვაქვს სხვადასხვა უახლესი და უმაღლესი ხარისხის აპარატურები,” – განმარტა სალომე ყვავილაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტით ამჟამად უკვე აქტიურად ინტერესდებიან ევროპულ ქვეყნებშიც. ”როგორც იცით, მსოფლიოში სულ ორი პრეცენდენტია, როცა კურორტი დედაქალაქში მდებარეობს, ეს არის: თბილისსა და ბუდაპეშტში. ამიტომ, მუდმივად გვყავს უცხოელი სტუმრები, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან”, – აღნიშნა სალომე ყვავილაშვილმა.

რაც შეეხება საიუბილეო 80 წლის თარიღს, როგორც თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის კომერციულმა მენეჯერმა აღნიშნა, ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია უამრავი აქტივობა. დღეს, 14 ივნისს გაიმართება სემინარი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან მოწვეული მეცნიერები, ექიმები, დოქტორები. გაიმართება გამოფენაც, რომელზეც ბალნეოლოგიური კურორტის გახსნის დღიდან დღემდე, კურორტის ამსახველი ფოტომასალები იქნება წარმოდგენილი.

სალომე ყვავილაშვილის თქმით, თბილისის ბალნეოლოგიურმა კურორტმა განსაკუთრებული აღმავლობა ბოლო ერთ წელში განიცადა, მას შემდეგ, რაც ის ”მეიდან ჯგუფმა” შეიძინა. კურორტის შენობის ნაწილს უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია, გამოიცვალა ძველი საკანალიზაციო მილები, სრულად განახლდა გათბობის სისტემები, განახლდა აპარატურა, გაიზარდა მომსახურების არეალი და სხვა… რაც მთავარია, რეაბილიტაციის პროცესში, ბალნეოლოგიურ კურორტს ძველი იერ-სახე სრულად შეუნარჩუნდა.

ცნობისთვის, ბალნეოლოგია ეს არის ჯანმრთელი ცხოვრების წესის კონცეფცია,რაც წყლის პროცედურების საშუალებით ჯანმრთელობისა და გარეგნობის გასაუმჯობესებლად მიმართული პროცედურებისა და პროგრამების კომპლექსს წარმოადგენს.

პოპულალურები