LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკომ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა

56

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციით გამოცემული განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ უკვე ამოქმედდა. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ცესკომ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებები და ვადები.

ცესკომ 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. ასევე, ცესკოს მიერ განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ამასთან ცესკომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის კანდიდატის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობაც დაადგინა. პოლიტიკური გაერთიანებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 25 923 ამომრჩევლის ხელმოწერით.

როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მომართვისა და კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი იწყება. გარდა ამისა, აკრედიტაციის მსურველ ორგანიზაციებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს რეგისტრაციის გავლის მიზნით შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საარჩევნო კომისიებს.

„შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს უკვე აქვს შესაძლებლობა მომართოს ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს დროულად დაიწყონ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვების პროცედურები.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესებს, ასევე საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებულ ნორმებს – აღნიშნული ნორმები საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე ამოქმედდება,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში.

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გიორგი მარგველაშვილმა პირველ აგვისტოს დაასახელა. მოქმედმა პრეზიდენტმა ისევ არ დააკონკრეტა, აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

 

პოპულალურები