LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩირჩხელა საექსპორტოდ ემზადება: უკრაინა, ჩინეთი, შვედეთი, ბალტიის ქვეყნები

728

ჩირის მწარმოებელი ახალი ქართული კომპანია ”ჩირჩხელა” ექსპორტზე გასასვლელად ემზადება. კომპანიის პროდუქციით ბალტიის ქვეყნები, შვედეთი, ჩინეთი, რუსეთი და უკრაინა ინტერესდებიან. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა გური სალუქვაძემ განუცხადა, საცდელი პარტია უკრაინაში უკვე გაიგზავნა, 22 მარტს კი ”ჩირჩხელას” პროდუქცია სატესტო რეჟიმში ჩინეთშიც გავა.

”მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე ქვეყანასთან, სადაც ექსპორტზე გასვლას განვიხილავთ. რაც შეეხება უკრაინასა და ჩინეთს, მათთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია. ამასთან, 28 მარტს ჩინეთში სურსათის საერთაშორისო გამოფენა იმართება, სადაც ”ჩირჩხელა” ასევე იქნება წარმოდგენილი და ველით, სხვა ქვეყნების დაინტერესებასაც”, – განმარტა სალუქვაძემ.

მისივე ინფორმაციით, უცხოეთის მხრიდან მზარდი მოთხოვნის გამო, კომპანია წარმოების განვითარებას და წარმადობის გაზრდას გეგმავს.

შეგახსენებთ, შპს ”ჩირჩხელამ” ოპერირება 2016 წლის ბოლოს დაიწყო. კომპანია მომხმარებელს 14 სახეობის ინოვაციურ ჩირს სთავაზობს, რომლებიც ხელნაკეთია და განსხვავებული ფორმებით ხასიათდება. ”ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა ენერგეტიკული ღირებულებებით. 100%-ით ნატურალური პროდუქტი ამაღლებს კონცენტრაციას, მომხმარებელს ეხმარება განტვირთვაში, შეიცავს სასარგებლო ფერმენტებს. სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ამავე დროს, არის სასაჩუქრე სუვენირი”, – განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, გარდა ხილისა, ”ჩირჩხელას” ჩირები ბოსტნეულითაც მზადდება. ამასთან, კომპანია ჩურჩხელების წარმოებაზეც მუშაობას. რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ის ”ჩირჩხელას” საფირმო მაღაზია ”ბუ-წიკში” ხორციელდება. ეს სავაჭრო ობიექტი აბაშიძის 33-ნომერში მდებარეობს და აქ ჩირისა და ჩურჩხელების გარდა, წარმოდგენილია სხვადასხვა დასახელების ქართული ნატურალური პროდუქცია, მათ შორის: თაფლი, მურაბები და სხვა ნაციონალური ჯანსაღი ნუგბარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები