LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხრა წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან – ნაკლებად ცნობილი დეტალები აგვისტოს ომზე 

424

ცხრა წლის წინ, 7 აგვისტოს, რუსეთის რეგულარულმა ჯარმა (მე-19 დივიზიის ძალებით), რომელიც არ იყო სამშვიდობო ძალა, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი  გადმოკვეთა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უცხო ქვეყნის ჯარი ნებართვის გარეშე შეიჭრა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც უკვე საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო და ნიშნავდა, რომ რუსული ჯარი  საქართველოში შემოიჭრა.

ომის მოვლენები ამის შემდეგ განვითარდა.  მანამდე დღეების განმავლობაში ვითარება შიდა ქართლში კრიტიკულად დაძაბული იყო. ყოველდღიურად იყო სროლა და ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის სოფლებში მოსახლეობა გარეთ გასვლას ვერ ახერხებდა. რამდენჯერმე დაბომბეს პოლიციის და სამშვიდობოების პოსტებიც. ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში უკვე გაგზავნილი იყო რუსეთის სპეცდანიშნულების ძალები (ამის შესახებ ინფორმაციას თავად რუსული მედიასაშუალებები ავრცელებდნენ და ეს ინფორმაციები დღემდე იძებნება). მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ომი.

უშუალოდ ის სამხედრო ოპერაცია, რომელსაც რუსეთი ომის განმავლობაში ახორციელებდა, სწორედ 7 აგვისტოს, შუადღის შემდეგ დაიწყო, როდესაც  რუსეთის რეგულარულმა ჯარმა გადმოლახა საზღვარი.  იმავე დღეს,  გვიან საღამოს საქართველომ დაიწყო სამხედრო რეაგირება რუსული ჯარის შემოჭრაზე.

რუსეთი ცდილობს, რომ ომის დაწყებად 8 აგვისტო დაასახელოს იმის საჩვენებლად, რომ თითქოს  ომი ქართულმა მხარემ ცხინვალზე შეტევით დაიწყო და მათი ქმედებები ამაზე რეაგირება იყო. არადა, არსებობს ფაქტობრივი მასალა, რუსეთის ჯარმა როდის გადმოლახა საზღვარი და როდის დაიწყო ქართულმა მხარემ რეაგირება.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ბატაშვილი, რომელიც ომის დროს უშიშროების  საბჭოში მუშაობდა,  შარშან გამოქვეყნებულ  სტატიაში წერს, რომ მას სამხრეთ კავკასიის ისტორიული ატლასის პროექტის ფარგლებში  2008 წლის ომის დეტალური შესწავლა მოუწია და ამ შესწავლისას ომთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი  დეტალი გამოიკვეთა, რაც აქამდე საზოგადოებისთვის უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ომი სულ რამდენიმე წლის იყო და ეს ომი ჩვენი თაობის ომია.

სტატიაში რამდენიმე ფაქტორზეა ყურადღება გამახვილებული, მათ შორის იმაზე, რომ რუსეთმა ამ ომისთვის მზადება 2006 წელს დაიწყო და მოტანილია კონკრეტული ფაქტები, სად რა დროს  როგორ შევიდა რუსული შეიარაღება და როგორ აშენდა ბაზები, როგორ  ხდებოდა ომამდე კვირებით ადრე რუსული ჯარის მობილიზება საზღვართან და ა.შ.

სხვათა შორის, ვითარება რომ უკიდურესად დაძაბული იყო, აშშ-ის მაშინდელი  სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა  რაისის, ვიზიტებიც ცხადყოფს, რომელიც 25 ივლისს  ჯერ მოსკოვში  ჩავიდა და შემდეგ პირდაპირ თბილისში ჩამოფრინდა და ორივეგან საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა.

ამ ხუთდღიანი  ომიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო ის არის, როგორ მოახერხა ქართულმა ჯარმა მთელი ერთი დღით რუსული არმიის შეკავება,  შემდეგ რამ განაპირობა კოდორის დათმობა და ა.შ.

როგორც  სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ეს ის საკითხებია, რაც არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია და მისი დეტალური შესწავლა  უნდა მომხდარიყო.

ომის დღეებში ყველაზე კრიზისული 11 აგვისტო იყო, როდესაც თბილისში მოსახლეობაში გაჩნდა აღქმა, რომ, თითქოს, ქალაქზე რუსული თავდასხმა უახლოეს საათებში იყო მოსალოდნელი. თბილისის ქუჩები თითქმის ცარიელი იყო. ზოგმა ქალაქი დატოვა.  ქართველი სამხედროების დანახვაზე კი დაიწო ჭორების გავრცელება, რომ რუსები უკვე ქალაქში იყვნენ შესულები.

დავით ბატაშვილი კი ფაქტობრივი მასალების საფუძველზე ამბობს, რომ „სინამდვილეში, როგორც 11-12 აგვისტოს ღამეს, ისევე 12 აგვისტოს განმავლობაში რუსების მიერ თბილისზე შეტევა შეუძლებელი იყო“.

მისი თქმით, ერთადერთი რუსული დაჯგუფება, რომელიც 11 აგვისტოს საღამოსთვის არათუ თბილისს, არამედ გორს მიუახლოვდა, მედესანტეთა ერთ ბატალიონს და იმ ორ ასეულს შეადგენდა, რომელმაც ზემო ხვითის ჩასაფრებას გამოასწრო (შინდისის ბრძოლაში სწორედ ამ შენაერთების ძალები მონაწილეობდნენ). 11-12 აგვისტოს ღამეს ისინი ვარიანთან დაბანაკდნენ, ანუ გორიდან ჩრდილო-დასავლეთით 10 კილომეტრში და ქართული კონტრშეტევის მოსაგერიებლად მოემზადნენ. მათი ეს მოლოდინი არ გამართლდა, რადგან ქართული ჯარი უკვე თბილისთან გროვდებოდა, მაგრამ ის ლოგიკური იყო: ვარიანთან დაბანაკებული რუსები წინ გაიჭრნენ, დანარჩენ რუსულ ძალებს დაშორდნენ და ამიტომ, წესით, სახიფათო მდგომარეობაში იყვნენ.

11 აგვისტოს შეტევაში ჩართულმა დანარჩენმა რუსულმა ძალებმა, როგორც უკვე ითქვა, 11-12 აგვისტოს ღამე ზემო ხვითთან და მეღვრეკისთან გაატარეს, ანუ ცხინვალიდან 3-4 კილომეტრში. მომდევნო დღის – 12 აგვისტოს განმავლობაში ისინი გორთან ახდენდნენ კონცენტრირებას. თუმცა, თბილისზე შეტევისთვის ეს ძალებიც სრულიად არასაკმარისი იქნებოდა, ქართული ჯარის დეზორგანიზების პირობებშიც კი.

12 აგვისტოს შემდგომ დღეებში შიდა ქართლში უკვე საკმარისად დიდი რუსული ძალები მოგროვდა. მათ საკუთარი ლოგისტიკური და საორგანიზაციო პრობლემებიც მოაგვარეს. თბილისზე შეტევა, სამხედრო თვალსაზრისით, რეალისტური გახდა. მაგრამ 13-15 აგვისტოს პერიოდი ქართულმა ჯარმაც გამოიყენა მოსაწესრიგებლად, ხოლო 13 აგვისტოს პრეზიდენტ ბუშის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, საქართველოში ამერიკული შეიარაღებული ძალების „ჰუმანიტარული ოპერაციის“ დაწყების შესახებ, საფრთხე მნიშვნელოვნად შეამცირა. ამის პარალელურად, პრეზიდენტების ვიზიტი საქართველოში და  შეთანხმების გაფორმება.

2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებული ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე დევნილი გახდა, დაიჭრა 1 747 ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი.

 

რუსა მაჩაიძე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები