LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერის ბრიფინგი გაიმართება

83

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება. მთავრობის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ბრიფინგია დაგეგმილი.

რაც შეეხება მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, დღის წესრიგში სულ 12 საკითხია შეტანილი.

მთავრობის წევრები პირველ საკითხად „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზე იმსჯელებენ. საკითხზე მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნიკოლოზ გაგუაა.

მინისტრები, ასევე, იმსჯელებენ მთავრობის განკარგულების პროექტზე „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“. საკითხზე მომხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი იქნება.

კიდევ ერთი განსახილველი საკითხია საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „ანაკლია 2018-ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის გადაცემის შესახებ“. მომხსენებელი აღნიშნულ საკითხზეც გიორგი ჩერქეზიშვილი იქნება.

მთავრობის წევრები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებაც იმსჯელებენ.

მთავრობის სხდომაზე ასევე იგეგმება თბილისის მერ კახა კალაძის მოსმენაც, რომელიც მომხსენებელი იქნება საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საქართველოს მთავრობის სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები