LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Doing Business-ის 2017 წლის რეიტინგში საქართველოს მე-16 ადგილზეა

79

Doing Business-ის 2017 წლის რეიტინგში საქართველო მე-16 ადგილზეა. მსოფლიო ბანკმა “Doing Business 2017: თანასწორი შესაძლებლობები ყველასათვის” კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა.

კვლევის შედეგების თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის – მაკედონიის (ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა) და ლატვიის შემდეგ. საქართველო, ასევე, იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველომ აამაღლა ელექროენერგიით უზრუნველყოფის საიმედოობა მიმწოდებელი კომპანიებისთვის ჯარიმების დაწესებით ენერგიის წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის ინდექსის (SAIDI) და სისტემის გათიშვის საშუალო სიხშირის (SAIFI) ინდექსის წინა წელთან შედარებით გაუარესებისთვის. ასევე, სავალდებულო გახდა კომპანიის მიერ მომხმარებლის ინფორმირება ელექტროენერგიის დაგეგმილ გათიშვასთან დაკავშირებით.

გაუმჯობესდა მიწის ადმინისტრირება თბილისში კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე დატანით. საქართველომ გააძლიერა მცირე ინვესტორების დაცვა აქციონერთა უფლებების და როლის გაზრდით ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებაში და მფლობელობის და მაკონტროლებელი სტრუქტურების მკაფიოდ განსაზღვრით.

ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებით შესაძლებელი გახდა ექსპორტის და იმპორტის დოკუმენტების უფრო სწრაფი წარდგენა. ასევე, დაინერგა წინასწარი ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. გადასახადების გადახდის სფეროში საქართველომ გააუქმა მოგების გადასახადის დეკლარაციის დამატებითი დანართი და გააუმჯობესა დღგ-ის დეკლარაციების წარსადგენად გამოყენებული ონლაინ სისტემის ეფექტიანობა.

ანგარიშში ასევე გავრცობილია გადასახადების გადახდის ინდიკატორი, რომელიც ახლა მოიცავს დეკლარირების შემდგომ პროცესებს, როგორებიცაა საგადასახადო აუდიტი და ზედმეტად გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნება. საქართველოს ამ მიმართულებით კარგი მაჩვენებლები აქვს. მაგალითად, მოგების გადასახადის აუდიტთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულებას ახლა უკვე დაახლოებით 2 საათი სჭირდება, მაშინ როდესაც რეგიონის დანარჩენ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 9-საათს შედგენს.

Doing Business 2017  ბიზნეს საქმიანობის ხელისშემწყობ და შემზღუდველ რეგულაციებს იკვლევს. კვლევაში წარმოდგენილია რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლებიც 190 ქვეყანაში მოქმედი ბიზნესის რეგულაციებისა და საკუთრების უფლების დაცვის ხარისხის შედარების საშუალებას იძლევა. ბიზნესის წარმოება, ასევე, აფასებს კანონმდებლობის იმ ასპექტებს, რომლებიც 11 სფეროში ახდენს ბიზნესის ქმედითუნარიანობაზე გავლენას. ამ თერთმეტი სფეროდან, ათი წლევანდელ ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგშია წარმოდგენილი. ესენია: ბიზნესის წამოწყება, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული საქმიანობა, ელექტრო ენერგიის მიღება, ქონების რეგისტრაცია, კრედიტის აღება, მინორიტარი ინვესტორების უფლებების დაცვა, გადასახადების გადახდა, საერთაშორისო ვაჭრობა, კონტრაქტების შესრულება, გადახდის უუნარობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა. ბიზნესის წარმოება, ასევე, აფასებს შრომის ბაზრის კანონმდებლობას, რაც რეიტინგში არ შედის. ბიზნესის წარმოება 2017-ში მოყვანილი მონაცემები 2016 წლის 1 ივნისის მონაცემებს ეფუძნება. ეს მაჩვენებლები გამოიყენება ეკონომიკური შედეგების ანალიზსა და იმის დადგენაში თუ, ბიზნეს კანონმდებლობის რომელმა რეფორმამ იმუშავა, რა სფეროში და რატომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები