LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპორტის მენეჯერებისთვის განახლებული სასერტიფიკატო კურსი იწყება

82

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივითა და საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლის მხარდაჭერით, ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებს კიდევ ერთხელ მიეცემათ შესაძლებლობა, აიმაღლონ ცოდნა და განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები და მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ სხვა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან.

სააგენტოს ინფორმაციით, კურსის პირველი ეტაპი 7 მაისს დაიწყება, 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა  საბაზისო საკითხის გავლას გულისხმობს. აღნიშნულის ფარგლებში, მსმენელები გაეცნობიან ექსპორტის ტერმინოლოგიას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით. სალექციო საათები დაეთმობა საექსპორტო ლოგისტიკის, ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს კომუნიკაციების საკითხებს, რომელიც კონკრეტული პრაქტიკული რჩევების გაცემასა და ინტერაქციის საშუალებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. ამასთანავე, განახლებული კურსი ითვალისწინებს ორი ახალი მოდულის: ელექტრონული კომერციისა და ბრენდინგის დამატებას, რომლებიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის.

აღსანიშნავია, რომ კურსის დასრულებისთანავე, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადასცემს სერტიფიკატს – „Certified Export Manager.“

”ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)”, – ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ – როგორც პროექტის ინიციატორი, ყველა მონაწილეს კურსის ღირებულების 75%-ს დაუფინანსებს. კურსის ღირებულება შეადგენს 680 ლარს, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსების შედეგად, მონაწილეებისთვის გადასახდელი თანხა 170 ლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები