ფრაზა, რომელიც პატრიარქის განცხადებიდან ამოჭრეს – ვინ დაამონტაჟა ჩანაწერი

23

„რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?“ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იმ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომელიც ბერლინში კლინიკაში ყოფნის დროს ჩაიწერა. თუმცა, სოციალურ ქსელებში განცხადების დამონტაჟებული ვერსია გავრცელდა, სადაც აღნიშნული წინადადება ამოჭრილია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეო-მიმართვის სრული ვერსია „ობიექტივმა“ გაავრცელა. მედიასაშულების ინფორმაციით, აღნიშნული ფრაზა პირველი ვიდეომიმართვიდან ამოჭრილი იყო.

„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას.

სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა , გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია, ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ.

მე ასევე, მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან.

მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. რა მოხდა? რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს ხან მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?

მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება“,- აღნიშნავს ილია მეორე მიმართვაში.

ბერლინიდან, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიმართვა 16 თებერვალს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის „ფეისბუქის“ გვერდზე ორ ნაწილად გავრცელდა.