LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუცილებელია თამბაქოზე, ალკოჰოლზე უარის თქმა და კვების რაციონის მოწესრიგება” – რჩევები მათთვის, ვისაც არტერიული ჰიპერტენზია აწუხებს

35

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

18 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“კლინიკა „ენმედიცის“ კარდიოლოგი მაია გვრიტიშვილი და ენდოკრინოლოგი ნინო ხაბეიშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც არტერიული ჰიპერტენზიის მეტად აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

– ქალბატონო მაია, კონკრეტულად რას წარმოადგენს არტერიული ჰიპერტენზია, რა რისკის და საფრთხის მატარებელია მაღალი წნევა?

– არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სიკდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება მსოფლიოში. ჰიპერტენზიის დროს სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში მატულობს სისტოლიური, დიოსტოლური წნევა და ისეთი გართულებებით ხასიათდება, როგორიცაა გულის შეგუბებითი და ცერებრალური უკმარისობა, იშემიური დაავადება, მხედველობის გაუარესება, უეცარი სიკვდილი და მრავალი სხვა. არსებობს ორი სახის – პირველადი და მეორადი არტერიული ჰიპერტენზია. პირველადი ჰიპერტენზია ცნობილია როგორც ესენციური იგივე ავთვისებიანი იდიოპათიური ჰიპერტენზია, რომლის გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია, მეორადი სახის არტერიული ჰიპერტენზია კი, სხვადასხვა პათოლოგიის დროს ვითარდება. გარდა ამისა, არტერიული წნევა მატულობს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადების,  კარცინოიდული სინდრომის და ენდოკრინოლოგიური პათოლოგიების დროს.

– ქალბატონო ნინო, როგორც წესი, არტერიული ჰიპერტენზია ენდოკრინოლოგიური პათოლოგიების თანმდევია, ამიტომ საინტერესოა რამდენად იზრდება რისკი და რამდენად სახიფათოა დაავადება თუნდაც შაქრიანი დიაბეტის დროს?

– სამწუხაროდ, მოსახლეობა მხოლოდ რამდენიმე ენდოკრინულ დაავადებას იცნობს, ამიტომ არტერიული წნევის მატებისას იშვიათად აქცევს ყურადღებას ენდოკრინულ დაავადებებს. არსებობს 15 კონკრეტული ენდოკრინული დაავადება, რომელიც არტერიული წნევის საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს იწვევს. არტერიული წნევის მატებას ყველაზე ხშირად თირკმლისზედა ჯირკვლის, ფარისებრი და პარაფარისებრი ჯირკვლის, ასევე  ჰიპოფიზის – თავის ტვინში არსებული ენდოკრინული ჯირკვლის დაავადებები იწვევს. ცალკე განხილვის თემაა შაქრიანი დიაბეტი, რომელიც მართალია, არ შედის 15 პათოლოგიის ნუსხაში, მაგრამ მასაც ახასიათებს ჰიპერტენზია, საკმაოდ სერიოზული გართულებებით.

– რა საფრთხე იქმნება, შაქრიანი დიაბეტის დროს მაღალი წნევის უგულველყოფის შემთხვევაში?

– ზოგადად, შაქრიანი დიაბეტი მეტად რთული და კომპლექსური დაავადებაა. ჩვენ დიაგნოზის დასმისთანავე ვაცნობთ პაციენტს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გლიკემიის, ქოლესტერინის და არტერიული წნევის მაჩვენებლების ნორმის ფარგლებში შენარჩუნება, რათა არ განვითარდეს გართულებები. ჩვეულებრივ, აკურატული პაციენტი ერთნაირი ყურადდღებით აკონტროლებს როგორც შაქრის, ისე წნევის მაჩვენებლებს, მოუწესრიგებელი პაციენტის შემთხვევაში კი, რომელიც უგულველყოფს ექიმის მითითებებს, საკმაოდ სწრაფად ვიღებთ სხვადასხვა ტიპის გართულებას.

– ქალბატონო მაია, რამდენადაა ინფორმირებული მოსახლეობა, იციან თუ არა მათ თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს და რატომ არ შეიძლება არტერიული ჰიპერტენზიის თვითმკურნალობა?

– დღეს მსოფლიოში 1,8 მილიარდი ადამიანია დაავადებული არტერიული ჰიპერტენზიით, აქედან თითქმის ნახევარმა არ იცის, რომ მაღალი არტერიული წნევის მატარებელია, დანარჩენი კი,  იშვიათად იტარებს შესაბამის მკურნალობას. მართალია, დღის მანძილზე არტერიული წვევა ხშირად იცვლება, რასაც ზოგჯერ ადამიანის პოზის შეცვლაც იწვევს, ჩვენ კი, არ გვაქვს დიაგნოზის დასმის უფლება ერთჯერადად მომატებული წნევის შემთხვევაში,  მაგრამ მაინც აუცილებელია მისი მუდმივი კონტროლი და დინამიკაში დაკვირვვება, რათა შეფასდეს თუ რამდენადაა დაზიანებული სამიზნე ორგანოები – გული, ცენტრალური ნერვული სისტემა, თირკმელები და თვალები. აღსანიშნავია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის ერთ-ერთ მთავარ რისკფაქტორს თამბაქო წარმოადგენს.

– ქალბატონო ნინო, რამდენად ახერხებთ დაარწმუნოთ პაციენტები, რომ თამბაქოს მოხმარება მართლაც სერიოზულ რისკს უქმნის მათ ჯანმრთელობას?

– ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვმუშაობთ ამ თემაზე და დიდ დროს ვუთმობთ მწეველ პაციენტს, ვცდილობთ დავარწმუნოთ შეცვალოს ცხოვრების წესი და გადაეჩვიოს მავნე ჩვევას.

– ქალბატონო მაია, თქვენ როგორ კარდიოლოგი, რამდენად სერიოზულ მტერად მიიჩნევთ თამბაქოს?

–  თამბაქოს მოხმარება სერიოზულ  ზიანს აყენებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და იწვევს ონკოლოგიურ პათოლოგიებს. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველას ვურჩევთ დაანებოს თავი მოწევას, თუმცა ეს მხოლოდ პაციენტზეა დამოკიდებული.

– ქალბატონო ნინო, როგორი პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ მართული არტერიული წნევის შემთხვევაში?

– შაქრიანი დიაბეტის მსგავსად, არტერიული ჰიპერტენზიის მართვის შემთხვევაშიც, საკმაოდ მარტივად შეიძლება გართულებების თავიდან აცილება. აღსანიშნავია, რომ ენდოკრინული დაავადებების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაგნოზის დროულად დასმა, რადგან ამ შემთხვევაში გარკვეული პათოლოგიებიც განკურნებადია, რაც ავტომატურად არტერიული წნევის სტაბილიზაციასაც უწყობს ხელს.

– ქალბატონო მაია, რამდენად მნიშვნელოვანია არტერიული ჰიპერტენზიის დროს მედიკამენტებით სისტემატური მკურნალობა?

– არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, ამიტომ მკურნალობაც ხანგრძლივი, ზოგჯერ მთელი სიცოცხლე სჭირდება, რაც მხოლოდ ექიმის დანიშნულებითაა რეკომენდებული და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითმკურნალობა. თუმცა, მხოლოდ მედიკამენტები საკმარისი არაა, აუცილებელია თამბაქოზე, ალკოჰოლზე უარის თქმა და კვების რაციონის მოწესრიგება მარილის და ცხოველური ცხიმების შემცირებით.

გადაცემის ლაივი LIVE

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები