LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფუნქცია აქვს ფარისებრ ჯირკვალს და რა პროცესები ვითარდება, ამ ფუნქციების დარღვევის შემთხვევაში – „პულსი“

672
თამარ-სუხიტაშვილი,-კობა-ცუცქირიძე

26 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ქირურგიის ეროვნული ცენტრის თერაპევტ-ენდოკრინოლოგი თამარ სუხიტაშვილი და ამავე ცენტრის ზოგადი და ენდოკრინული ქირურგი კობა ცუცქირიძე სტუმრობდნენ, რომელთაც ფარისებრ ჯირკვალსა და მის დაავადებებზე ისაუბრეს.

– ქალბატონო თამარ, რა ფუნქცია აქვს ფარისებრ ჯირკვალს და რა პროცესები ვითარდება, ამ ფუნქციების დარღვევის შემთხვევაში, ანუ სად გადის ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის?

– ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის, მცირე ზომის ჯირკვალია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებაში, რადგან სწორედ ის მართავს ნივთიერებათა ცვლის პროცესს ანუ მეტაბოლიზმს. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ნაკლებად ახასიათებთ აშკარად გამოკვეთილი სიმპტომები,  რადგან მეტწილად ზოგადი დარღვევებით – საერთო სისუსტით და ძილიანობით, კანის სიმშრალით და თმის ცვენით, ან პირიქით აგზნებითა და ჭარბი ოფლიანობით ვლინდებიან იმის მიხედვით თუ რა გადახრასთან გვაქვს საქმე. სხვა ენდოკრინული ჯირკვლების მსგავსად ფარისებრი ჯირკვალიც ჰორმონებს გამოიმუშავებს, ამიტომ დარღვევებიც შესაბამისია – ან ჭარბი ჰორმონები გამოიყოფა ან პირიქით, ჰორმონის დაქვეითება ხდება. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – მეტწილად აუტოიმუნური დარღვევით გამოწვეული ქრონიკული ანთებითი პროცესებია, თუმცა მწვავე და ქვემწვავე ანუ ბაქტერიებით ან ვირუსებით გამოწვეული მოკლე პერიოდში მიმდინარე ანთებითი პროცესებიც შეიძლება იყოს. აუტოიმუნური დაავადება ანუ აუტოიმუნური თირეოდიტი ფაზობრიობით ხასიათდება – ტოქსიკური ფაზა ჰიპოთირეოზის ფაზაში გადადის, ქვეითდება ჯირკვლის ფუნქცია და მეტაბოლიზმი, რაც ხშირად წონის მატებას იწვევს, მაშინ როცა გრეივსის დაავადების ანუ ჰიპერთირეოზის დროს პირიქით, ჯირკვლის ფუნქცია ჭარბია, პაციენტი კი, წონაში იკლებს. 

– ბატონო კობა, რამდენად მნიშვნელოვანია სკრინინგული კვლევის ჩატარება დაავადების დროულად გამოსავლენად?

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია დროული სკრინინგი, რათა არსებობის შემთხვევაში ის მცირე ზომის სიმსივნური წარმონაქმნები გამოვლინდეს, რომლებიც აბსოლუტურად უსიმპტომოდ ვითარდებიან. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგული კვლევა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, ულტრაბგერის ექოსკოპიის უახლესი აპარატით ხორციელდება. აპარატს მართლაც უნიკალური შესაძლებლობები აქვს, რადგან კვანძოვანი წარმონაქმნების ზომის, კონტურის, ფორმისა და სიმკვრივის დადგენა შეუძლია, რაც რადიოლოგს კვანძის დეტალურად აღწერის და კლასიფიკაციის დადგენის საშუალებას აძლევს. სწორედ ამგვარი კვლევის შედეგი განსაზღვრავს რამდენად საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ასპირაციული ბიოფსია და ციტოლოგიურ გამოკვლევა.

– ქალბატონო თამარ, რამდენად ამარტივებს მკურნალობას დაავადების დროული დიაგნოსტირება?

– დაავადების დროული დიაგნოსტირება ერთის მხრივ, მკურნალობას ამარტივებს, მეორეს მხრივ კი, პაციენტს იცავს გართულებებისგან. მეტიც, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის დროული აღმოჩენის შემთხვევაში თითქმის 90 პროცენტითაა გარანტირებული სასიკეთო შედეგი. 

– ბატონო კობა, ფარისებრ ჯირკვლის რა დაავადებები მოითხოვენ ქირურგიულ ჩარევას?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს სხვადასხვა ტიპის ოპერაციას მივმართავთ, რადგან ჯირკვლის სრული ამოკვეთაც შეიძლება და ნაწილობრივიც. თუმცა, პაციენტები, რომელთაც ქირურგიული ჩარევა სჭირდებათ ჯერ თერაპიული მკურნალობა უნდა გაიარონ, სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონის ნორმალიზებისთვის. მართალია, არსებობს ისეთი დაავადება, როგორიც მრავალკვანძოვანი ჩიყვია, მაგრამ ყველა ფორმა არ მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას, რადგან მედიკამენტური მკურნალობაც საკმარისია. ოპერირება იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, როცა ფარისებრი ჯირკვალი მოცულობაში იზრდება, ახლომდებარე ორგანოებს – ტრაქეას, საყლაპავს აწვება და სერიოზული დისკომფორტს უქმნის პაციენტს. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მეტწილად ქალბატონები ავადდებიან. შესაბამისი კვლევის და დაავადების დიაგნოსტირების შემდეგ დამატებითი კვლევა ტარდება რეგიონული ლიმფური კვანძების დაზიანებების დასადგენად და ოპერაციის სწორად დასაგეგმად, ოპერაციის დროს კი, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის უკანა კედელზე გამავალი შებრუნებული ნერვის იდენტიფიცირება და დაზიანების გარეშე შენარჩუნება, რადგან სწორედ ისაა პასუხისმგებელი პაციენტის ხმაზე. საბედნიეროდ, ჩვენს კლინიკაში მსგავსი ოპერაციები სპეციალური აპარატის – ნეირომონიტორის გამოყენებით კეთდება, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს და აზღვევს ქირურგებს შეცდომებისგან. 

– რამდენადაა ჩართული სახელმწიფო ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის პროცესში?

– ჩვენი კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს სიმსივნური და არასიმსივნური დაავადებების მკურნალობას, რომელიც მედიკამენტურიც შეიძლება იყოს და ქირურგიულიც, ანუ მკურნალობა სწორედ სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება და ამიტომ ყველასთვის ხელმისაწვდომია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები