LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმ-ნევროლოგი ირინა ხატიაშვილი სტუმრად გადაცემაში “პულსი”

39

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

17 თებერვალს რადიო “ფორტუნამ” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემამ “პულსი” ექიმ-ნევროლოგს, მედიცინის დოქტორს ქალბატონ ირინა ხატიაშვილს უმასპინძლა, რომელმაც სპასტიკისა და დისტონიების პრობლემები განიხილა.

– ქალბატონო ირინა, ზოგადად რას წარმოადგენს დისტონია, რამდენად ხშირია მოსახლეობაში და აქვს თუ არა ასაკობრივი თავისებურებები?

– დისტონია მდგომარეობაა, რომელსაც კუნთების ერთ-ერთი ჯგუფის ან სხეულის კუნთების დიდი ნაწილის პათოლოგიური, ზედმეტი და უნებლიე დაჭიმვა იწვევს. გამოიყოფა დისტონიის ორი ძირითადი ტიპი – ე.წ. გენერალიზებული დისტონია და ფოკალური ანუ ადგილობრივი დისტონია. გენერალიზებული დისტონია, რომელიც პათოლოგიურ მოძრაობაში მთელი სხეულის კუნთების ჩართვას გულისხმობს, ძირითადად გენეტიკურად დეტემინირებული დაავადებებითაა განპირობებული, მეტწილად ბავშვობაში იწყება და მისი მკურნალობის მეთოდები მნიშვნელოვნად განსხვავდება ფოკალური დისტონიის მკურნალობის მეთოდებისგან, რადგან პრინციპულად სხვა დაავადებაა.

ფოკალური დისტონია ადამინის სხეულის ნაწილის პათოლოგიური პოზაა, რომელიც განპირობებულია კუნთების გარკვეული ჯგუფის პათოლოგიური გადაჭარბებული შეკუმშვით. საკმაოდ ხშირია ე.წ. სპასტიკური კისერმრუდობა, როცა ადამიანს კუნთების ჯგუფის დაჭიმულობის გამო უნებურად აქვს მიტრიალებული თავი რომელიმე ერთ მხარეს. მიტრიალებასთან ერთად შეიძლება თავი დახრილი, აწეული ან გვერდზე იყოს გადაქაჩული. არაა გამორიცხული უნებლიე მოძრაობებიც, რომელთა სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია. გარდა ამისა, არსებობს ფოკალური დისტონიის კიდევ ერთი ვარიანტი – ბლეფაროსპაზმი. ბლეფაროსპაზმი მდგომარეობაა, როცა თვალის გარშემო არსებული კუნთების პათოლოგიური შეკუმშვით ხდება თვალის უნებლიე დახუჭვა და ადამიანს აღარ გამოსდის საკუთარი ნებით თვალის გახელა, რადგან იმდენად ძლიერად აქვს დახუჭული, რომ შეუძლებელი ხდება ქუთუთოების გახსნა და მითუმეტეს გახელილ მდგომარეობაში დაფიქსირება. ეს საკმაოდ მძიმე მდგომრეობაა, რადგან პრაქტიკულად უსინათლობს უტოლდება. არსებობს სახის ჰემის სპაზმი, რომელიც მართალია დისტონიებს მიეკუთვნება, მაგრამ განსხვავდება მისი მექანიზმი – ამ შემთხვევაში სახის ნერვზე ზეწოლა თვითონ ტვინის ღეროსთან ხდება. მართალია, ფოკალურ დისტონიებში ძირითადად ადამიანის სხეულის ზედა ნაწილია ჩართული, მაგრამ არსებობს ტერფის დისტონიაც, ასევე მხრის სარტყელის კუნთების და ხელის მტევნის დისტონია, რომელიც პიანისტებს ახასიათებთ.

– რა არის ფოკალური დისტონიის გამომწვევი მთავარი მიზეზი?

– ფოკალურ დისტონიას არ გააჩნია კონკრეტული მიზეზები, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ეს პირველადი დაავადება ანუ ე.წ. იდიოპათიური პირველადი დისტონიაა, რომელიც თავის ტვინის მდგომარეობითაა განპირობებული. მართალია, ფოკალური დისტონია სრულად არაა შესწავლილი, მაგრამ ცნობილია, რომ მისი მიზეზი გარკვეული ბიოქიმიური დისბალანსია თავის ტვინში არსებული ნეირომედიატორებისა ანუ იმ ნივთიერებებისა, რომლებიც ნერვულ იმპულსებს გადასცემენ თავის ტვინის რთულ ნეირონალურ სისტემაში, ასევე ბალანსის დარღვევა სხვადასხვა სისტემას შორის, რომლებიც მოძრაობებს აკონტროლებენ. შესაძლებელია იყოს ე.წ. სიმპტომური დისტონიებიც. გამომდინარე აქედან, როცა პაციენტი გარკვეული ჩივილებით მიმართავს ექიმს, ის ვალდებულია განსაზღვროს პირველადია დისტონია თუ რომელიმე სხვა დაავადებითაა გამოწვეული, რადგან შეიძლება ვუმკურნალოთ დისტონიის გამომწვევ დაავადებას და ისიც ავტომატურად გამოსწორდება. თავისუფლად შეიძლება დისტონია განპირობებული იყოს სპილენძის ცვლით ანუ ე.წ. ვილსონის დაავადებით, რომელიც მართალია ნაკლებადაა გავრცელებული, მაგრამ როცა ახალგაზრდას უნებლიე მოძრაობები ეწყება, დიაგნოზის დასმისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ეს დაავადებაც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავის ტვინის სისხლძარღვოვან პროცესებს, რადგან ხელის მტევნის ან ტერფის დისტონია ხშირად განპირობებულია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით ანუ ინსულტით.  გარდა ამისა, არსებობს ინსულტის შემდგომი სპასტიურობა, რომელიც მართალია თავისი ბუნებით თავის ტვინის დაზიანების შედეგად მიღებული კუნთის გაძლერებული ტონუსია, მაგრამ მისი მექანიზმი მნიშვნელოვნად განსხვავდება დისტონიისგან.

– რა შესაძლებლობები აქვს 21-ე საუკუნის მედიცინას ფოკალური დისტონიის სამკურნალოდნ?

– მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ფოკალურ დისტონიას საკმაოდ კონსერვატორულად – მედიკამენტებით, მეტწილად “ბოტულინის ტოქსინით” მკურნალობენ, რომელიც ყველაზე ეფექტური საშუალებაა, სხვა მედიკამეტები კი, მხოლოდ უმნიშვნელოდ აუმჯობესებენ ადამიანის მდგომარეობას.

– საქმეში ნაკლებად ჩახედულებისთვის “ბოტულინის ტოქსინი” ძირითადად ორ სფეროსთან – ბოტულიზმთან ანუ ძლიერ შხამთან და ესთეტიკურ მედიცინასთან ანუ ნაოჭების გასწორებასთან ასოცირდება.

– გეთანხმებით “ბოტულინის ტოქსინი” მართლაც ყველაზე ძლიერი შხამია. თუმცა, სათანადოდ დამუშავებული, შესაბამისი დოზირებით და ინექციის სახით, “ბოტულინის ტოქსინი” დღეს არსებულ მედიკამენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა. სხვათაშორის, ის პირველად სწორედ ნევროლოგიაში გამოიყენეს და მხოლოდ შემდეგ აღმოაჩინა ესთეტიკურმა მედიცინამ, რომ მისი დახმარებით, თურმე ნაოჭების გასწორებაც შეიძლება.

– რა მდგომარეობაა საქართველოში დისტონიის მკურნალობის მხრივ და რისი საშუალება აქვთ ქართველ ნევროლოგებს?

– ქართულ ნევროლოგიას ისეთივე შესაძლებლობები აქვს, როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს. სხვების მსგავსად ჩვენც “ბოტულინის ტოქსინის” ინექციებს ვიყენებთ. მართალია, ადრე მედიკამენტის გამოყენება საკმაოდ შეზღუდული იყო, მაგრამ ახლა კომპანია “ეიბისის” აქტიური მხარდაჭერით ძალიან ინტენსიურად ვითარდება ნევროლოგიის ეს დარგი, რაც ჩვენთვის – ექიმებისთვისაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან წლების წინ ნაკლებად ვახერხებდით  პაციენტების მკურნალობას. მართალია, ისინი დიდი რაოდენობით ღებულობდნენ მედიკამენტებს, ცირკულირებდნენ სხვადასხვა ექიმებს შორის და მიმართავდნენ ალტერნატიულ მედიცინას, მაგრამ შედეგი მაინც ყოველთვის არადამაკმაყოფილებელი იყო, ახლა კი, თავისუფლად შეგვიძლია შევთავაზოთ მათ ეფექტური მკურნალობა, რომელიც მართალია არ იძლევა სრულად განკურნების გარანტიას, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ეფექტურია.

– ჩვენ მესამე თაობის “ბოტულინის ტოქსინზე” ვსაუბრობთ და  საინტერესოა, რა უპირატესობა აქვს მას იმ მედიკამეტებთან შედარებით, რომლებიც მანამდე იყო ხელმისაწვდომი?

– “ბოტულინის ტოქსინის” ძირითადი უპირატესობა მისი შემადგენლობაა. ის გაწმენდილია სხვა ცილებისგან, აბსოლუტურად სუფთა ტოქსინია და გამომდინარე აქედან, მისი ეფექტურობაც უფრო მაღალია.

– რამდენადაც ვიცი, თქვენ უკვე იყენებთ “ბოტულინის ტოქსინს” კლინიკურ პრაქტიკაში. როგორია კონკრეტული შედეგი, რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენ და რამდენად კმაყოფილები არიან თავად პაციენტები?

– მთავარია, პაციენტები იყვნენ კმაყოფილები და ამით ჩვენც ბედნიერები ვიქნებით. რა თქმა უნდა, გვქონდა შემთხვევები, როცა დოზის სიმცირის გამო ის შედეგი ვერ მივიღეთ, რაც გვინდოდა, მაგრამ ესეც ერთგვარი პროტოკოლით იყო განსაზღვრული, რადგან თავიდან მხოლოდ მცირე დოზის გამოყენებაა საჭირო, რათა ზუსტად დადგინდეს რამდენად ეფექტურია ესა თუ ის დოზა პაციენტისთვის. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, “ბოტულინის ტოქსინით” გამოწვეული გვერდითი მოვლენები – ერთადერთი რასაც პრეპარატის ზედმეტი დოზა იწვევს, ეს კუნთის ზედმეტი სისუსტეა, რომელიც დროებითია და რამდენიმე თვეში აუცილებლად ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები