LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბახტურიძე: „საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე თამბაქოს მომხმარებელია, ყოველი მეხუთე კი, მისი მსხვერპლი”

3

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

27 იანვარს რადიო „ფორტუნამ“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემამ „პულსი“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელს გიორგი ბახტურიძეს უმასპინძლა.

– ბატონო გიორგი, რა ვითარებაა დღეს საქართველოში თამბაქოსთან ბრძოლის სფეროში?

– თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა, რადგან საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე თამბაქოს მომხმარებელია, ყოველი მეხუთე კი, მისი მსხვერპლი. თამბაქო ჩვენი საზოგადოების ნომერ პირველი მტერია, რომელიც უმძიმეს, მათ შორის გულ-სიხლძარღვთა დაავადებებს, ტუბერკულიოზის რთულ ფორმებს, დიაბეტს და სიმსივნეს იწვევს. მონაცემებს თუ გადავხედავთ, წელიწადში დაახლოებით 11 ათასი ადამიანი იღუპება თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით. რაც შეეხება ეკონომიკურ ტვირთს – ასევე ძალიან დიდია. ჯანდაცვის სამინისტროს 600 მლნ-იანი ბიუჯეტიდან მინიმუმ 200 მლნ. ამ დაავადებების არა განსაკურნად, არამედ შედარებით შესამსუბუქებლად, შეიძლება ითქვას, მხოლოდ სიცოცხლის გარკვეული პერიოდით გასახანგრძლივებლად იხარჯება.

– მონაცემები მართლაც საგანგაშოა. საინტერესოა, ვინ და როდის ჩაატარა ამგვარი კვლევა?

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პერიოდულად აგროვებს მონაცემებს და სპეციალური ფორმულების მიხედვით ითვლის ქვეყანაში მწეველთა მატებას ან კლებას. რაც შეეხება ნოზოლოგიებს – დაავადებათა 30%-ში არ ფიქსირდება კონკრეტული მიზეზი და სიკვდილიანობა ძირითადად გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს მიეწერება, დანარჩენი 70% – ასე თუ ისე აღრიცხულია. მეტსაც გეტყვით, გასულ წელს როგორც იქმნა ამოქმედდა კიბოს რეესტრი და სწორედ მისი მონაცემებით, 850 ფილტვის კიბოს ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 165 ქალბატონია, დანარჩენი კი, მამაკაცი. მაშინ, როცა 20-25 წლის წინ ქალებში ასეთი მაქსიმუმ 2-3 შემთხვევა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებში კატასტროფულად მოიმატა მწეველთა რაოდენობამ, მაშინ, როცა მამაკაცებში მონაცემები სტაბილურად, დაახლოებით 60%-ის ფარგლებშია. მიზეზი საკმაოდ მარტივია – კარგად გაკეთებული რეკლამა, ქალებზე ორიენტირებული სიგარეტის კოლოფები და პროპაგანდა ტელევიზიით. პოპულარული სერიალებში, ბავშვებსა და ახალგაზრდებზე ორიენტირებული გადაცემებში აბსოლუტურად ნორმალურია თამბაქოს მოწევა. გარდა ამისა, სიგარეტი თავისუფლად იყიდება ყველგან, მათ შორის სკოლებთან და საბავშვო დაწესებულებებთან ახლოსაც.

– რას აკეთებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო, როგორია მისი როლი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში?

– თამბაქოს აკრძალვა საკმაოდ რთულია. მართალია, ერთის მხრივ საჭიროა თამბაქოს მავნებლობაზე მეტი ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოების ერთგვარი განათლება, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენზე ბევრად განათლებულ, ცივილურ და კანონმორჩილ ქვეყნებშიც კი, წლების მანძილზე ვერ მოხერხდა მისი შეზღუდვა და მხოლოდ ახალმა კანონმდებლობამ – გადასახადების მატებამ, თამბაქოს რეკლამისა და პროპაგანდის, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვამ შეძლო მდგომარეობის გამოსწორება. დასავლეთის ქვეყნებში მსგავსმა პრაქტიკამ გაამართლა, აღმოსავლეთის ქვეყნებში კი, უკვე დაწესდა მკაცრი რეგულაციები, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თამბაქოს მოხმარების შემცირებას. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ დღეს საქართველოში მწეველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 54 წელია, მაშინ როცა ჯანმრთელი ადამიანი საშუალოდ 72 წელს ცოცხლობს, ანუ მწეველი დაახლოებით 18 წელს კარგავს მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოპროდუქტზეა დამოკიდებული. ჩვენ გვესმის რომ ეს ძალიან სერიოზული დამოკიდებულებაა, ამიტომ მწეველებს კი არ ვებრძვით, არამედ ვთხოვთ და მოვუწოდებთ, არ მოწიონ მათი თანდასწრებით, ვინც არ ეწევა.

არსებობს უამრავი დაავადება, მათ შორის ბავშვთა უეცარი გარდაცვალების სინდრომი, როცა ბავშვთა სიკვდილიანობის 50%-ს სწორედ თამბაქოს მომწამვლელი ბოლი ანუ პასიური მოწევა იწვევს. ამგვარ რეალობაში სახელმწიფოს გადამწყვეტი როლი ეკისრება და ვალდებულიცაა შექმნას ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო.საზოგადოებრივი დანიშნულების ნებისმიერ შენობასა და ტრანსპორტში აუცილებლად უნდა აიკრძალოს მოწევა. ვფიქრობ, შესაბამისი კანონის და მის აღსრულების არარსებობის პირობებში ძალიან რთული იქნება რეალური შედეგის მიღწევა.

2013 წელს მსოფლიომ 2050 წლისთვის თამბაქოს მოხმარების 5%-მდე შემცირების ინიციატივა წამოაყენა. ჩვენთან სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქითაა, რადგან თამბაქოს მოხმარება ნორმალურად ითვლება, სიგარეტი ყველგან იყიდება და ბავშვებსაც თავისუფლად შეუძლიათ მისი შეძენა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში კი, რესტორნებში და ბარებში დასაქმებული ადამიანები არიან.

– ხშირია საუბარი, თითქოს თამბაქოს აკრძალვა სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას. თქვენ რა აზრის ხართ?

– ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმევბი. ბოლო გამოკვლევებით რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, ბარებსა და რესტორნების მომხმარებლებს შორის ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ თამბაქოს სრული აკრძალვის შემთხვევაში მწეველების 9%  შეამცირებს ვიზიტებს ამ დაწესებულებში, არამწეველთა 18% კი, პირიქით მოუხშირებს კვების ობიექტების სტუმრობას. ამ შემთხვევაში არა ზარალზე, არამედ მოგებაზეა საუბარი, რადგან ერთის მხრივ შემოსავილი გაზრდება, მეორეს მხრივ კი, დაცული იქნება იქ დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობა. ამგვარი ცვლილებების პოლიტიკური ნება ახლმა მათავრობამ უკვე გამოიჩინა და იმედი მაქვს, ახლო მომავალში  მართლაც დაიწყებს ზრუნვას მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.

– ეკონომიკის თვალსაზრისით, ქვეყნისთვის რამდენად მომგებიანია თამბაქოზე უარის თქმა?

– ვფიქრობ, თამბაქოზე უარის თქმა საკმაოდ პოზიტიურად აისახება ეკონომიკაზე, რადგან მართალია, რამდენიე წელი სჭირდება სიმსივნისა და სხვა დაავადებების შემცირებას, მაგრამ გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევები ძალიან სწრაფად შემცირდება. ეს რაც შეეხება სამედიცინო სფეროს,  სოციალური თვალსაზრისით კი, ის თანხა, რომელიც თამბაქოზე იხარჯება, სხვა ბევრად უფრო სასარგებლო პროდუქტის შეძენას და ცხოვრების მეტად გაჯანსაღებას მოხმარდება.

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები