LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოჩა შათირიშვილმა გადაცემაში „პულსი“ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების სასწაულმოქმედ თვისებებზე ისაუბრა

5

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

3 თებერვალს რადიო „ფორტუნამ“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემამ „პულსი“ ჭიპლარის სისხლის ბანკის „ჯეოქორდის“ სამედიცინო დირექტორს გოჩა შათირიშვილს უმასპინძლა, რომელმაც ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების სასწაულმოქმედ თვისებებზე ისაუბრა.

– ბატონო გოჩა, ჭიპლარის სისხლის ბანკს, რომელიც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში, 10 წელი შეუსრულდა. როგორ დაიწყო „ჯეოქარდმა“ მუშაობა?

– „ჯეოქორდი“ 2006 წლის ივლისში შეიქმნა, ექვსი თვის მანძილზე თბილისის მერიის სახელმწიფო პროგრამით ვმუშაობდით და იმ გენეტიკური და ონკოლოგიური სისხლის დაავადებების მქონე ოჯახებს ვეხმარებოდით, რომელთა ახალშობილის ჭიპლარის სისხლიც ჩვენს ბანკში ინახებოდა. 2007 წლის იანვარში კი, პირველად დავამუშავეთ ჭიპლარის სისხლი კომერციულად. დღეს ჩვენთან ათასობით პატარა კლიენტის ჭიპლარის სისხლია დაცული, რომელიც ერთგვარი ბიოლოგიური დაზღვევის ფუნქციას ასრულებს და მართლაც სასწაულების მოხდენა შეუძლია.

– ვინ არიან თქვენი კლიენტები და ძირითადად ვის აქვს ჭიპლარის სისხლის შენახვის სურვილი?

– ძირითადად ისინი მოგვართავენ, ვინც საკუთარი შვილის ჯანმრთელობას უფრთხილდება. შესაძლოა, ახალშობილს გარკვეული სამედიცინო პრობლემები ჰქონდეს, მშობელს კი, ჭიპლარის სისხლით უნდოდეს მისი მკურნალობა ან უბრალოდ ზრუნავს საკუთარ შვილის მომავალზე, რადგან არავინ იცის, რა მოხდება წლების შემდეგ. მთავარია, მშობლებს გაცნობიერებული აქვთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჭიპლარის სისხლის შენახვას და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებას.

– რას წარმოადგენს თავად ჭიპლარის სისხლი, რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი სისხლის უჯრედებისგან, რა პოტენციალი აქვს ღეროვან უჯრედებს და როდის გამოიყენეს ის პირველად მსოფლიო მედიცინაში?

– ჭიპლარის სისხლი – ეს ის სისხლია, რომელიც ჭიპლარის გადაკვანძის შემდეგ რჩება პლაცენტაში. რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ჭიპლარის სისხლი მხოლოდ ბიოლოგიური ნაშთი იყო, რომელასაც არავინ იყენებდა და უბრალოდ აგდებდნენ. თუმცა, გარკვეული მეცნიერული კვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ჭიპლარის სისხლი დიდი რაოდენობით ღეროვან უჯრედებს შეიცავს, რომელთა პოტენციალი ოთხჯერ აღემატება მოზრდილთა ღეროვან უჯრედებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ოქროს მასალაა, რომელსაც იგივე პოტენციალი აქვს რაც ძვლის ტვინს. 1988 წელს საფრანგეთში ჭიპლარის სისხლის  გადასხმის პირველი ცდა ჩატარდა, რასაც რამდენიმე თვეში კიდევ ერთი წარმატებული გადასხმა მოჰყვა. სხვათაშორის, პაციენტი დღესაც მშვენივრად გრძნობს თავს და უამრავ კონგრესსა თუ კონფერენციაში მონაწილეობს. მოგვაინებით, ჭიპლერის სისხლის გამოყენება ლეიკემიებისა და ლიმფომების წინააღმდეგაც დაიწყეს, როგორც სრული ალტერნატივა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისა. ჭიპლარის სისხლის პირველი ბანკი 1992 წელს შეიქმნა ნიუ-იორკში, ერთი წლის შემდეგ კი – ევროპაში, რასაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჭიპლარის სისხლის შეგროვება და ბანკირება მოჰყვა. დღეს მსოფლიოში 400-მდე ასეთი ბანკი ოპერირებს, რომელთა უმეტესობა კერძოა, თუმცა, არის საჯარო ბანკებიც.

– რა დროსაა ყველაზე მიზანშეწონილი ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოყენება?

– როგორც უკვე მოგახსენეთ, ჭიპლარის სისხლი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სრული ალტერნატივაა და ამიტომ იმავე, საერთო ჯამში 80-მდე დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. გარდა ამისა, ჭიპლარის სისხლს საკმაოდ აქტიურად მიმართავენ აღდგენით მედიცინაში ანუ საკუთარი ჭიპლარის სისხლით აუტიზმითა და ცერებლარული დამბლით დაავადებულ ბავშვებსაც მკურნალობენ. რაც საკმაოდ მარტივი პროცედურაა, რადგან არ საჭიროებს ქიმიოთერაპიას და მხოლოდ ნახევარსაათიან ინტრავენტურ ინექციას წარმოადგენს.

– მოუმართავთ თუ არა თქვენი ბანკისთვის შენახული ჭიპლარის სისხლის გამოყენების სურვილით?

– პირველი ამგვარი შემთხვევა ბანკის დაარსებისთანავე დაფიქსირდა. 2007 წელს თალასემიით დაავადებული პაციენტსისთვის უნდა გადაგვენერგა დედმამიშვილის ჭიპლარის სისხლი. სამწუხაროდ არ მოხდა სრული თანხვედრა და პირველი პაციენტიც დავკარგეთ. თუმცა შარშან, 6 წლის აუტიზმით დაავადებულ ბავშვს ჩაუტარდა საკუთარი ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაცია. მართალია, წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ლონდონშიც მოგვიწია კონსულტაციის გავლა, მაგრამ აბსოლუტურად უსაფრთხო პროცედურის შემდეგ, ორ კვირაში გაუმჯობესდა პაციენტის შემეცნების უნარი, ერთი თვის შემდეგ, უკვე საკუთარ სახელსა და გვარს წერდა და კითხულობდა, 6 თვეში კი, სრულად შეისწავლა ანბანი. დღეს მას კითხვა შეუძლია, გაამდიდრა ლექსიკური მარაგი და რაც მთავარია ბევრად უკეთ ამყარებს კონტაქტს გარშემომყოფებთან. აღსანიშნავია, რომ ბავშვი, რამდენიმე წელი გადიოდა რეაბილიტაციას, შედეგები კი, ნაკლებად იმედისმომცემი იყო, ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაციის შემდეგ კი, მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები